ქუთაისის მაჟორიტარობისთვის “ახალი მემარჯვენეების” სახელით იბრძოლებს ქალაქის საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე, რომელიც 2004 წლიდან ხელმძღვანელობს “ახალი მემარჯვენეების” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციას.
ზესტაფონის საკრებულოს წევრი კახა შავგულიძე დაასახელა დავით გამყრელიძემ ზესტაფონის მაჟორიტარ კანდიდატად. ადგილობრივი პარტიული ლიდერები დაასახელა გამყრელიძემ მაჯორიტარებად ხონსა და თერჯოლაშიც. კერძოდ, ხონში მაჟორიტარობისთვის “ახალი მემარჯვენეების” სახელით ილია ყუფარაძე იბრძოლებს, ხოლო თერჯოლაში – ამირან სოფრომაძე. სამტრედიაში კი “ახალი მემარჯვენეების” კანდიდატი ადგილობრივი პედაგოგი ლევან ბუაძე იქნება.
“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი – გოგა ასათიანი იბრძოლებს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის წყალტუბოში.
“ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ჩვენი გუნდის წევრებზე და არა ცნობად სახეებზე, მსახიობებზე, სპორტსმენებზე. ჩვენი კანდიდატები იქნებიან ადამიანები, ვისთვისაც პოლიტიკა პროფესიაა და წლების მანძილზე ჩართულნი არიან პოლიტიკურ პროცესებში. სხვადასხვა ალიანსებში მონაწილეობის გამო ჩვენ გვიწევდა არჩევნებში მათი გვერდზე გაწევა. ახლა გვაქვს შანსი, წარვადგინოთ ადამიანები, რომლებმაც წლების მანძილზე ბევრი რამ დაამტკიცეს – ერთგულება პრინციპების და გუნდის მიმართ; უნარი, უხმაუროდ აკეთონ რაიონისთვის, საკუთარი თანამოქალაქეებისათვის საჭირო და აუცილებელი საქმე, დაიცვან მათი ინტერესები,”- განაცხადა დავით გამყრელიძემ.
ამ დროისთვის იმერეთში საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატები დასახელებული აქვს კიდევ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას: კოალიაცია “ქართული ოცნების” სახელით ქუთაისის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს გუბაზ სანიკიძე, ტყიბულში – ელისო ჩაფიძე, ზესტაფონში – გოგი ქავთარაძე, ბაღდათში – არჩილ კბილაშვილი, სამტრედიაში – კახა კალაძე, ხარაგაულში – ნოდარ ებანოიძე.
ჯერ უცნობია მმართველი პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა იმერეთში.







