საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, ჩვეულებრივ, ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე საპარლამენტო, თუმცა მაისში ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა ძალიან დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, რასაც არავინ არ მოელოდა. შედეგიც გარკვეულწილად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არავინ ელოდა ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის პარტიის ”აყვავებული სომხეთის” მეორე ადგილზე 28,72%-ით გასვლას, მაშინ, როცა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის გაერთიანებულმა ოპოზიციამ „სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა“ პარლამენტში ვერც ერთი მანდატი ვერ მოიპოვა. ლევონ ტერ-პეტროსიანი უჩვეულო ფიგურაა სომხეთში. მას არასოდეს უყვარდა მედიასთან ურთიერთობა და არ ეწეოდა პროპაგანდას. ის პოლიტიკურ არენას მხოლოდ 2009 წლის ერევნის მერის არჩევნებზე დაუბრუნდა, ხოლო არჩევნების უხეში გაყალბების შემდეგ აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას ეწევა. ექსპერტთა ნაწილი ტერ-პეტროსიანის მარცხს ლოგიკურს უწოდებს, რადგან 1 მარტის მიტინგს, რომელიც მის მიერ იყო ორგანიზებული, სამართალდამცავების დარბევის შედეგად მსხვერპლი მოყვა, რის შემდეგაც სომხეთის პირველი პრეზიდენტის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. თუმცა ლევონ ტერ-პეტროსიანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მაინც ემზადება.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა ეუთომ შეაფასა. არჩევნები, მათი აზრით, კონკურენტულ გარემოში და ძირითადად მშვიდობიანად ჩატარდა. თუმცა დოკუმენტში წერია, რომ იყო დარღვევები დემოკრატიულ პროცესში, რაც კენჭისყრის მიმართ ნდობის შერყევას უწყობს ხელს. კრიტიკაა გამოთქმული იმ ფაქტის მიმართ, რომ სომხეთის საარჩევნო კანონში შეტანილი დადებითი ცვლილებების გატარება არ მოხერხდა. ლაპარაკია იმაზეც, რომ ამომრჩეველთა არაზუსტი სიები მანიპულირების საშუალებას იძლეოდა.
არჩევნების შემდეგ სომხური მედია ღიად ალაპარაკდა ამომრჩეველთა მოსყიდვაზე და ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაზე. საინტერესოა, რომ გაზრდილ ამომრჩევლებში ოპოზიციამ საქართველოს მოქალაქეებიც აღმოაჩინეს, ჯავახეთიდან.
მაისის საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება, პოლიტიკაში დაბრუნების განცხადება სომხეთის კიდევ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის მეგობარმა და თანამოაზრემ, რობერტ ქოჩარიანმა გააკეთა.
ქოჩარიანის განცხადება, რა თქმა უნდა, ყველამ სარქისიანთან დაპირისპირებად აღიქვა, მით უმეტეს, რომ ამ ფაქტს წინ უამრავი მითქმა-მოთქმა უძღოდა მეგობრების ბიზნეს ინტერესების დაპირისპირების შესახებ. ერევნის მერის, კარენ კარაპეტიანის, გადადგომასაც, რომელიც ქოჩარიანის და სარქისიანის უახლოესი მეგობარი იყო, ამ დაპირისპირებას უკავშირებენ.

რობერტ ქოჩარიანი ყარაბაღიდანაა, მუშაობდა სტეპანოკერტის ელექტრო-მექანიკური ქარხნის მექანიკოსად. პოლიტიკაში 1980 წლიდან გამოჩნდა, სომხეთის პარლამენტის დეპუტატიობის შემდეგ, 1994 წელს თვითგამოცხადებული ყარაბაღის პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 1997 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მის გაპრემიერებას დიდი აჟიოტაჟი მოყვა და ყველა ხვდებოდა, რომ პოლიტიკურ მმართველობაში ყარაბაღელი სეპარატისტები მოდიოდნენ. თუ მანამდე ყარაბაღი ნაციონალურ იდეად და ღირსებად მოხსენიებოდა, ქოჩარიანთან მიმართებაში მოსახლებაში გაჩნდა ფრაზები– „თათარი“, „თათარი ყარაბაღიდან“… მიუხედავად ყველაფრისა, რობერტ ქოჩარიანი 1998 წელს პრეზიდენტი გახდა და შემდგომ არჩევნებზეც მეორე ვადით დარჩა 2008 წლამდე. არჩევნების შედეგების მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრი არასოდეს მის მიმართ არ იყო დადებითი, თუმცა იგი მანამდე არნახული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობდა კრემლის მხრიდან. ქოჩარიანის გვარი არაერთხელ გაჟღერებულა იარაღით ვაჭრობის საქმეში. ყოფილ პრეზიდენტს აქვს ბიზნესი აფრიკაში, რომელსაც ოფიციალურად მისი უფროსი ვაჟი ხელმძღვანელობს და რომელიც სომხეთის ყველაზე მდიდარ ადამიანთა ათეულშია შესული.

ამავდროულად, ქოჩარიანი ბრილიანტის ბიზნესითაა დაკავებული. საინტერესოა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ამჟამინდელ რეიტინგს მისი უმცროსი ვაჟის მეუღლეს, მომღერალ სირუშოს უკავშირებენ, რომელმაც ევროვიზია 2008-ის შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

უმცროს ვაჟს უკავშირდება რუსული არხის „НТВ“-ს მაუწყებლობის გათიშვა სომხეთში, რომელზეც გავიდა სკანდალური კადრები, სადაც ლევონი, ცნობილ რუს მომღერალთან, ტიმოტისთან ერთად, 2 000 დოლარის ღირებულების შამპანიურს სტრიპტიზის მოცეკვავეს ასხამს მკერდზე.
რობერტ ქოჩარიანს ჯერ ოფიციალური განაცხადი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე არ გაუკეთებია, მაგრამ ექსპერტები ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას მის ხელახლა გაპრეზიდენტების სურვილს მიაწერენ.
ამჟამინდელი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც, ქოჩარიანის მსგავსად, ყარაბაღიდანაა და ისიც მექანიკოსად მუშაობდა სტეპანოკერტის ელექტრო-მექანიკურ ქარხანაში. 90-იან წლებში ჯერ დეპუტატი გახდა, ხოლო შემდეგ თავდაცვის, მერე უშიშროების და ბოლოს კი ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრი იყო. 1999 წლიდან 2000 წლამდე სარქისიანი პრეზიდენტის აპარატის უფროსიც იყო, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. პრემიერობის დროს მასზე, როგორც მომავალ პრეზიდენტზე, უკვე ყველა ლაპარაკობდა. 2008 წელის არჩევნებზე სერჟ სარქისიანი სომხეთის პრეზიდენტი გახდა. გამოკითხვებით პრეზიდენტზე მეტად მოსახლეობაში ნდობით და სიმპათიით პირველი ლედი, რიტა სარქისიანი სარგებლობს, გარკვეულწილად სერჟ სარქისიანის დღევანდელ რეიტინგსაც მისი მეუღლე განაპირობებს. არაოფიციალურად პრეზიდენტი ფლობს თითქმის ყველა სატელევიზიო არხს, ოფიციალურად კი ამ ბიზნესს მისი ქალიშვილის ქმარი განაგებს. ასევე სარქისიანს უკავშირებენ კომპანია „ტროიკა ლიდერს“, რომელიც ოფიციალურად ფლობს ყველა საბანკო ბიზნესს სომხეთში.

ყოფილი პრეზიდენტების პრეზიდენტობის ამბიციებზე, როგორც სომხეთის რევოლუციური ფედერაციის (დაშნაკცუტუნის) წარმომადგენელი, გრანტ მარკარიანი წერს, „ არაერთხელ გამოჩნდა, რომ სომხეთში ის არ იმარჯვებს, ვისაც შანსი აქვს გამარჯვების, არამედ ის, ვინც ამ შანსს იყიდის“…




