ახალი ამბები

პრესსპიკერი ატამბაევის განცხადებაზე: ყირგიზეთი მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტს

18 ოქტომბერი, 2016 • 1517
პრესსპიკერი ატამბაევის განცხადებაზე: ყირგიზეთი მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტს

როდესაც ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა საქართველოში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე საუბრისას მომხდარში ორივე მხარის ბრალეულობის შესახებ ისაუბრა, მის გვერდით მდგომ პრეზიდენტ მარგველაშვილს რეაგირება არ მოუხდენია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახლაც მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ყირგიზეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ნამდვილად უჭერს მხარს.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა 13 ოქტომბერს პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე საუბრისას განაცხადა, რომ, “სამწუხაროდ, არასდროს არ ხდება ისე, რომ მომხდარში მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე”. 

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ალმაზბეკ ატამბაევის ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, მოჰყვა თუ არა ყირგიზეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას რაიმე გამოხმაურება პრეზიდენტის ან მისი ადმინისტრაციის მხრიდან პრესკონფერენციის შემდეგ.

ეკა მიშველაძემ გვიპასუხა, რომ ყირგიზეთი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც სწორედ ამ ბოლო ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურა “ძალიან მნიშნველოვან დოკუმენტზე ხელმოწერით”, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი “ძალიან კონკრეტულად და ნათლად” არის აღნიშნული.

“ზოგადად, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევრაზიული კავშირისა [ყირგიზეთი ევრაზიული კავშირის წევრია] და კოლექტიური უსაფრთხოების წევრებთან მიმართებაში. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ქვეყნებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაგრძელდეს [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად] არაღიარების პოლიტიკა და კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და მთლიანობას”, – განაცხადა დღეს, 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

13 ოქტომბერსვე ყირგიზეთსა და საქართველოს შორის ერთობლივ შეთანხმებებს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მოეწერა ხელი. ეს შეთანხმებები ითვალისწინებს შეთანხმებებს პრეზიდენტებს, მთავრობებს, ფინანსთა სამინისტროებს, შინაგან საქმეთა სამინისტროებს, განათლების სამინისტროებს შორის ქვეყნებს შორის ურთიერთობების, ინვესტიციების წახალისების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

პრეზიდენტების საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც, რასთან დაკავშირებითაც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვას ართულებს და აუარესებს მცოცავი ოკუპაციის პრობლემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი