ახალი ამბები

რა ცვლილებები იგეგმება მაესტროში

18 ოქტომბერი, 2016 • 1342
რა ცვლილებები იგეგმება მაესტროში

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური პროდიუსერი ირაკლი ჩიხლაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიის საეთერო ბადეში ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა მისი პროფილი არ შეიცვლება. 

“ყველა პროექტი არის ბადეში, მაგრამ სამომავლოდ ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, ამ წუთებშიც ვართ ერთ-ერთი პროექტის პილოტზე. კონკრეტულად ჯერ რამის თქმა არ შემიძლია. ჩვეულებრივად ვმუშაობთ, ვაგრძელებთ მუშაობას, ვემზადებით ახალი სეზონისთვის. ჩვეულებრივად მიდის ყველაფერი. გადაჯგუფება-გადმოჯგუფება, ალბათ, იქნება, მაგრამ ასე კონკრეტულად, ვის ეხება, რა პროექტს ეხება, წინასწარ არ შემიძლია ამის თქმა”, – ამბობს ჩიხლაძე.

მისივე თქმით, არ შემცირდება საინფორმაციო გამოშვებები, პირიქით, უფრო მეტად დატვირთული იქნება.

“საინფორმაციო სამსახური პირიქით ძლიერდება და მეტად დატვირთული იქნება. გადაცემა “ცეცხლის ხაზი” გადიოდა კვირაში ერთხელ და, სავარაუდოდ, გავა კვირაში ორჯერ.  იქიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება. ალბათ, ყოველდღიური ტოკშოუ საჭირო არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ საარჩევნო რეჟიმში ვიყავით”, – ამბობს ჩიხლაძე.

“რაღაც ცვლილებები არის, მაგრამ არაფერი არ იხურება, ხდება გარდაქმნა ერთი ფორმაციიდან მეორე ფორმაციაში. მაგალითად, “ღამის კონტაქტი” შეიძლება ამოვარდეს და “ცეცხლის ხაზი” ჩაჯდეს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ზურან ნაყეურმა, მაესტროს დირექტორმა. თუმცა მეტ დეტალებზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

როგორც “ნეტგაზეთისთვის” გახდა ცნობილი, ტელეკომპანია “მაესტრო” გეგმავს, ოქტომბრის ბოლოდან  რამდენიმე გადაცემა დახუროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი