ადამიანების ქმედუნარიანობის შეფასებისას სასამართლოები და ექსპერტები ისევ ძველ მიდგომებს იყენებენ და არ აფასებენ მხარდაჭერის მიმღებ პირთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
კვლევა, სახელწოდებით “ქმედუნარიანობა – საკანონმდებლო რეფორმა იმპლემენტაციის გარეშე” 2015 წლის პირველი აპრილიდან 2016 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.
საანგარიშო პერიოდში პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს 988 განცხადებით, აქედან 519 საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა შემაჯამებელი აქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოების 519 გადაწყვეტილებიდან 341 შეეხებოდა პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებულ საქმეებს, რომლებიც სასამართლოებმა დააკმაყოფილეს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქმეების დიდ უმრავლესობას (საქმეების 95%) მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გააჩნია და არ არსებობს სამოტივაციო ნაწილი.
“ადამიანთა 95,48%-ის უფლებებში ჩარევა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოხდა”, – წერია კვლევაში.
იმ 28 საქმიდან, რომელ შემთხვევებშიც აღწერილიბითი და სამოტივაციო ნაწილი არსებობს, 19 შემთხვევაში მოსამართლემ უფრო ვიწრო ფარგლებში დანიშნა მხარდამჭერი, ვიდრე ამას ექსპერტიზის დასკვნა ითვალისწინებდა.
ეს გადაწყვეტილებები, რომელსაც ახლავს სამოტივაციო ნაწილი, მოიცავს მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც თავის მხრივ შაბლონურია:
“საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზიდან საგანგაშო დასკვნის გამოტანა შეიძლება. სასამართლო აქტების გაცნობის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ტერმინი “ქმედუუნარო” მექანიკურად არის ჩანაცვლებული “მხარდაჭერის მიმღებით”, – წერია დასკვნაში.
ვახუშტი მენაბდე, კვლევის ავტორი, ამბობს, რომ გამოყო გადაწყვეტლებების სამი ტიპი: პირველი, როდესაც მხარდაჭერის მიმღებ პირს ყველა უფლებას უზღუდავენ, მათ შორის იმ უფლებებსაც, სადაც მას მხარდამჭერი არ სჭირდება. ასეთია საქმეების 23%.
მეორე ტიპის გადაწყვეტლებები დამოკიდებულია მოსამართლის გემოვნებასა და სტილზე. ზოგიერთი მეტწილად ქონებრივ უფლებას უზღუდავს, გარდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებისა, ყველა სხვა უფლების რეალიზაციას მხარდაჭერას უკავშირებს.
მენაბდის თქმით, ყველა სასამართლოს მიდგომა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ერთსა და იმავე სასამართლოში მოსამართლეებს აქვთ იდენტური გადაწყვეტილებები გამოტანილი. მაგალითად, ამბროლაურში ერთ მოსამართლეს აქვს გამოტანილი 10 გადაწყვეტილება, მათგან ყველა იდენტურია. ასევე, ახალციხეში 3 მოსამართლეს აქვს 15 გადაწყვეტილება, რომლებიც იდენტურია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ იმ უფლებების ჩამონათვალში, რომელშიც პირს მხარდამჭერი დაენიშნა, ვხვდებით ისეთ უფლებებსაც, როგორიც არის, მაგალითად, გამოხატვისა და რწმენის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო მხარდამჭერს ანიჭებს უფლებას, კონკრეტული პირის ნაცვლად იწამოს რომელიმე რელიგია, ან არ იწამოს არც ერთი. დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილებები, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც კვლევაშია საუბარი, შეეხება საპროცესო ვადებს. ავტორის რეკომენდაციაა, რომ სასამართლოებმა დაიცვან საქმის წარმოების ვადები. ასევე, ყველა მოსამართლეს ვალდებულებად ჰქონდეს, გამოაქვეყნოს გადაწყვეტილებები დასაბუთებულად.
კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ მხარდამჭერ პირებს წვრილმანი გარიგებების უფლება არ უნდა მისცეს კანონმა და უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც მხარდაჭერის მიმღებ პირს ექნება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
კვლევის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ უნდა გაუქმდეს რეგულაციები, რომელიც ბლანკეტურად ართმევს პირს მშობლის ან მასთან დაკავშირებულ უფლებას, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას, უფლებას, ინფორმირებული და მკაფიო თანხმობის გარეშე არ გახდეს სამედიცინო კვლევის ობიექტი.
ვახუშტი მენაბდის თქმით, იმის მიუხედავად, რომ გაუმჯობესდა კანონმდებლობა, სასამართლო იმგვარ ინტერპრეტაციას უწევს მას, რომ ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება
“ამ პირების დიდ ნაწილს ისევ ყველა უფლებასთნ დაკავშირებით ბლანკეტურად ცნობენ ამ უფლებების არმქონედ და პირებს, ვინც მათი მხარდაჭერა უნდა განახორციელოს, კვლავ ანდობენ ამ პირების ნების გადაწყვეტას, უწერენ გადაწყვეტილებაში, რომ მზრუნველს უფლება აქვს, ამ პირის სახელით სრულად განახორციელოს უფლებები”, – ამბობს მენაბდე.
მისი თქმით, კონკრეტული პირის უფლებების შეზღუდვა უნდა გამომდინარეობდეს მისი საჭიროებებიდან, რომლებიც მას აქვს, და ძალიან დეტალურად უნდა შეისწავლონ ეს საჭიროებები.
მენაბდე ამბობს, რომ ექსპერტიზა აბსოლუტურად შაბლონურად უდგება ადამიანების საჭიროებების განსაზღვრას, ხოლო სასამართლო დიდწილად იზიარებს ხოლმე ექსპერტიზის დასკვნებს.
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია, რომელიც ქმედუნარიანობის აღიარების კანონის პროექტის ავტორია, ამბობს, რომ მოსამართლეები ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ თითოეული ადამიანის საქმეს და იმის მიხედვით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.
“სამწუხაროდ, პრაქტიკამ აჩვენა ის, რომ სასამართლო იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველა სფეროში უნიშნავს მხარდამჭერს, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება მთელი რეფორმის არსს”, – ამბობს კორძაია.
კორძაიას თქმით, ამ რეფორმის დასრულებას ხელს უშლის სასამართლო ფსიქიატრიის ექსპერტიზის ბიუროც, რომელიც არ აღიარებს, რომ შეიძლება ადამიანებს რაღაც ასწავლო. შეიძლება ადამიანს ჯანმრთელობის განუკურნელი პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ შეიძლება უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეს და დამოუკიდებელი ცხოვრების პირობები შეუქმნა.
“იყო რამდენიმე დადებითი მაგალითი, როდესაც მოსამართლემ ნახა მხარდაჭერის მიმღები პირი, მიხვდა, რომ ექსპერტიზა არ იყო სწორი და არ დაუნიშნა ყველა სფეროში მხარდამჭერი, მაგრამ ასეთი ნელი ტემპებით შეუძლებელია, შედეგს მიავაღწიოთ. საჭიროა მხარდაჭერის მექანიზმი ამოქმედდეს და სახელმწიფომ მხარდაჭერას დაუთმოს მეტი დრო და რესურსები, სხვანაირად მეურვეები ხდებიან ნების ჩამნაცვლებლები და იგივე გრძელდება,’’- ამბობს თამარ კორძაია.
კორძაიას თქმით, რეფორმის არსი ისაა, რომ აღმასრულებელმა და სასამართლო ხელისუფლებამ შექმნას სისტემა, რომელიც მოამზადებს ამ ადამიანებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
გიორგი ძნელაძე, “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” თავმჯდომარე, ამბობს, რომ საჭიროა ტრენინგები და გადამზადება მოსამართლეებისთვის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებისთვის, რადგან მათი ხედვები და კვალიფიკაცია ძირეულად შესაცვლელია.
გიორგი ძნელაძის თქმით, მოსამართლეები ფაქტობრივად გაუთვითცნობიერებელი არიან იმ საკითხებზე, რაზეც იღებენ გადაწყვეტილებას.
“ფაქტობრივად, ხდება ის, რომ დავრჩით ისევ ძველ სისტემაში. სიტყვა შეიცვალა მხოლოდ, “მეურვე” შეიცვალა “მხარდამჭერად”, – ამბობს გიორგი ძნელაძე.
ქმედუნარიანობის სისტემის ცვლილება 2015 წლის 20 მარტს მიღებულმა კანონმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, დამტკიცდა მხარდაჭერის სისტემა, რომელიც პირისთვის მხარდამჭერის ინდივიდუალური შეფასებით განსაზღვრული საჭიროებების მიხედვით დანიშვნას გულისხმობს.
მანამდე, სანამ პარლამენტი ახალ კანონს მიიღებდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 8 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად ცნო რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც აწესრიგებდა „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ გამო ქმედუუნაროდ აღიარებისა და ქმედუუნარო პირებთან დაკავშირებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს.