ცვლილებების პაკეტის გათვალისწინებით, ქმედუუნარობის სისტემა ფსიქიკური დაავადების შემთხევაში აღარ იარსებებს. კანონიდან გაქრება ტერმინები “ჭკუასუსტობა” და “სულიერი მოშლილობა”. ქმედუუნაროს სტატუსის ნაცვლად ადამიანს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის სტატუსი მიენიჭება, ხოლო მეურვის ნაცვლად სასამართლო მხარდამჭერ პირს დაუნიშნავს.
“ჩვენ ვამბობთ, რომ ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანს აქვს ისეთივე სურვილები და ისევე შეუძლია გამოხატოს თავისი ნება, როგორც ყველა ადამიანს, უბრალოდ, ჩვენ შეიძლება არ გვესმოდეს ეს ნება და ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ნება გავიგოთ. ეს არის არსი. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ძალიან დიდ ნაბიჯს ვდგამთ. ეს არის ადამიანების თანასწორად აღიარება, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა,” – ამბობს ცვლილებების პაკეტის ავტორი, დეპუტატი თამარ კორძაია.
როგორ იცვლება მოქმედი სისტემა
მთავარი ცვლილება, რომელსაც პაკეტი ითვალისწინებს, ქმედუუნარობის, როგორც უნივერსალური ცნების გაუქმებას გულისხმობს. მოქმედი კანონმდებლობით, თუ სასამართლო ადამიანს ცნობდა ქმედუუნაროდ, მას ავტომატურად ერთმეოდა ყველა ის უფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. ისინი კარგავდნენ უფლებას დაეხარჯათ კუთვნილი თანხა, განეკარგათ ქონება, მათ არ ჰქონდათ ქორწინებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მეტიც, ქმედუუნარობის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, თუ პირს ჰყავს შვილი, მას ავტომატურად ენიჭება გასაშვილებელი პირის სტატუსი. ცვლილებების მიხედვით კი, ადამიანს სასამართლო კი ვერ მიანიჭებს ქმედუუნაროს სტატუსს, არამედ შეფასების საფუძველზე, რომელსაც თავისი წესები აქვს, განსაზღვრავს, კონკრეტულად რაში სჭირდება მას დახმარების გამწევი პირის დახმარება და იმის მიხედვით დაუნიშნავს მას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც რეფორმა ითვალისწინებს, პირის შეფასებას უკავშირდება. მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო მხოლოდ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე იღებდა ადამიანისთვის ქმედუუნარობის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. რეფორმის თანახმად კი, პირის შეფასებაში ჩართულია 4 სპეციალისტი – ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სოციალური მუშაკი.
“მარტო დაავადების დადგენა კი არ ხდება, ასევე მისი სოციალური ფუნქციონირების შეფასება, და ამ სოციალურ ფუნქციონირებას პროფესიონალები აფასებენ. მთლიანობაში განიხილება ადამიანი. მარტო ავადმყოფობა არ არის იმის ნიშანი, რომ ადამიანს სოციალური ფუნქციონირება არ შეუძლია”, – ამბობს ფსიქიატრი ექიმი მანანა ელიაშვილი, რომელიც პარლამენტთან არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის საბჭოს წევრია და რეფორმის ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობდა.
შეფასების შემდეგი ეტაპია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს შეეძლო პირის მონაწილეობის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება ადამიანის ქმედუუნაროდ გამოცხადების შესახებ. ცვლილებების თანახმად კი, სასამართლო ვალდებულია უშუალოდ მოუსმინოს იმ პირს, ვის შესახებაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
“სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ამ პირის მონაწილეობის გარეშე იღებდა. ვიღაცის ბედს წყვეტდა ამგვარად, ახლა სავალდებულოა ამ პირის მონაწილეობა. ასევე, სავალდებულოა ყველა ექსპერტის დაკითხვა. სასამართლო არ არის განპირობებული მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით. რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დასკვნას, მაგრამ საუბრის მოსმენის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას და კონკრეტულ სფერობს განსაზღვრავს, თუ რაში სჭირდება დახმარება. მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმებისას, უძრავი ქონების განკარგვისას, სტაციონარში მყოფ პირს სამედიცინო კუთხით შეიძლება ჰყავდეს მხარდამჭერი, ფინანსურ საკითხებში შეიძლება ცალკე ჰყავდეს და ამას სასამართლო გაწერს დეტალურად”, – ამბობს ცვლილებების პაკეტის ავტორი თამარ კორძაია.
ადამიანი ჩართულია მისთვის მხარდამჭერი პირის დანიშვნის პროცესშიც. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ არსებული სამართლებრივი სისტემა ადამიანებს ფსიქო-სოციალური საჭიროებით ძალიან მარტივი პროცედურით აღიარებდა ქმედუუნარო პირებად:
“ეს ნიშნავდა იმას, რომ მათ ავტომატურად ეზღუდებოდათ მთელი რიგი სამოქალაქო და სამართლებრივი უფლებები, არ ჰქონდათ საშუალება საკუთარი ნება და სურვილები გამოეხატათ და მიეღოთ გადაწყვეტილება საკუთარ ცხოვრებაზე და ეს უფლებების სისტემურ და მასიურ შელახვას იწვევდა. ეს მოდელი იყო დაფუძნებული ნების ჩანაცვლებაზე, რომელსაც მეურვე ან მზრუნველი ახორციელებდა კონკრეტულ შემთხვევაში”, – ამბობს ის.
სადავო ჩანაწერი ცვლილებების პაკეტში
ცვლილებების პაკეტის თანახმად, თუ ოჯახის წევრი სასამართლოს ადამიანისთვის ფსიქო-სოციალური საჭიროების სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართავს, ხოლო თავად ამ პირს არ სურს იმ ექსპერტიზაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებელია, სასამართლო გარემოებების შესწავლის საფუძველზე უფლებამოსილია იძულებითი ექსპერტიზა დანიშნოს. თუმცა, თუ ადამიანი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, მას აქვს გასაჩივრების უფლება და ის შესაძლოა დავის მხარედაც იქცეს მთელ ამ პროცესში.
სასამართლო ასევე ვალდებულია იძულების წესით პირის გამოცხადების საკითხი დასვას იმ პროცესზე, რომელზეც პირისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.
“სასამართლო ყველა შემთხვევაში უნდა დარწმუნდეს, რომ ამ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა და უნარი, დაელაპარაკოს სასამართლოს. თუ არ უნდა, მაშინ გამონაკლისის შემთხვევაში, შეიძლება, რომ იძულებითი მოყვანა იყოს სასამართლოში, ის ყველა ვარიანტში პროცესში უნდა მონაწილეობდეს”,- ამბობს თამარ კორძია.
სახელმწიფოს პოზიცია ამგვარი რეგულაციის შემოღებისას არის პირის საუკეთესო ინტერესის და მისი ოჯახის წევრების ინტერესის გათვალისწინება, თუმცა რეგულაციას არ ეთანხმება ექიმი ფსიქიატრი მანანა ელიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ იძულებით ადამიანის შეფასება უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელია.
“საექსპერტო დასკვნა არ არის მხოლოდ ერთი სინდრომი, ეს გულისხმობს იმის განსაზღვრას, ადამიანი რამდენად აქტიურია სოციალურად, რამდენად შეუძლია ფულის ხარჯვა, თავის მოვლა. ეს ყველაფერი დაკვირვების პროცესში ხდება და ძალით გააკეთო, შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, ხმას არ ამოიღებს, შესაძლებელია ქცევას დააკვირდე, მაგრამ ობიექტურ საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. ტექნიკურად ეს არის საკმაოდ რთული პროცესი”, – ამბობს ფსიქიატრი. იგი თვლის, რომ ჯობს დაველოდოთ პირის მზაობას მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზაში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ იძულების შემთხვევაში უნდა შეფასდეს, მხარდაჭერის გამოყენება ხომ არ იქნებოდა პირის საუკეთესო ინტერესი, ასევე უნდა შეფასდეს ის ზიანი, რომელსაც იღებს პირი იმ მოცემულობაში, როცა მას მხარდამჭერი არ ჰყავს და სასამართლომ უნდა მიიღოს ამ შეფასებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება:
“ჩვენ ვეცადეთ გვენახა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, არის კანონმდებლობები, სადაც წერია, რომ შეფასებაზე პირის თანხმობა აუცილებელია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მათ შორის კანადის შემთხვევაში, წერია, რომ პირის თანხმობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასების ნაწილში, მაგრამ საგამონაკლისო შემთხვევებში, როცა მისი ინტერესია შეფასება და მხარდაჭერის დანიშვნა, საგამონაკლისო წესით, სასამართლოს მონაწილეობით მხოლოდ, შესაძლებელია მისი შეფასება მომხდარიყო მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, ბუნებრივია, ეს საკითხი სადავოა”.
რატომ გახდა აუცილებელი რეფორმა
ცვლილებების პაკეტი განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 8 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც მან არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიკური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუუნარობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს „სამოქალაქო კოდექსში“ ქმედუუნარობის ამსახველი ნორმების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, თუმცა, მეორე მხრივ, თამარ კორძია ელის, რომ პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭების საკითხზე მიმართვები სასამართლოსადმი მოიკლებს, რადგან ძირითადად პირის ოჯახის წევრები იმ შემთხვევაში მიმართავდნენ სასამართლოს, როცა ქონების განკარგვა სურდათ და ამისთვის პირის ქმედუუნაროდ გამოცხადება სჭირდებოდათ.
ფსიქიატრი ექიმი მანანა ელიაშვილი, რომელიც უკვე წლებია ამ სფეროში მუშაობს, ამბობს, რომ ქმედუუნაროს სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართვა სწორედ ქონებრივ საკითხებს, ბინის გაქირავებას, პენსიის ან სხვა ფინანსური შემოსავლის განკარგვას უკავშირდებოდა, რომელსაც პირი შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსით იღებდა.
“ძირითად ეს ქონებრივ საკითხებს ეხებოდა, ბინის გაქირავებას, როგორც წესი, მათ პენსია ჰქონდათ დანიშული, მეურვეებს გამოჰქონდათ და მათ უნდა გადაეწყვიტათ, როგორ დაეხარჯათ პენსია ამ მოქალაქეზე. მოქალაქე ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ყველა უფლება, რომელიც მოქალაქეს აქვს, ჩამორთმეული ჰქონდათ. ამის ძალიან ბოროტად გამოყენება ხდებოდა, მასობრივი ხასიათი მიიღო, ამიტომაც დგება ამ ცვლილებების შემოსვლის საკითხი. როცა ქონებას ეხებოდა საქმე, მხოლოდ მაშინ აყენებდა ამ საკითხს ოჯახის წევრი ან ახლობელი, თორემ სხვა შემთხვევაში არც იმ ოჯახის წევისთვის იყო ეს მნიშვნელოვანი”.
რეფორმით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები
მოქმედი კანონმდებლობით, ქმედუუნარობის სტატუსის მინიჭების შემდეგ პირის შვილი ავტომატურად გასაშვილებელი პირის სტატუსს იძენს, ამიერიდან ინდივიდუალური შეფასება მოხდება. თუ დადგინდება, რომ ბავშვის უკეთესი ინტერესები მოითხოვს, რომ სხვა ოჯახში იყოს, მაშინ შეიძლება შვილობილად, მინდობით აღზრდაში გაუშვან. რაც შეეხება ქორწინებას, კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ვინაიდან ქორწინება რთული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, მისი რეგისტრაცია ვერ მოხდება, თუ არ გაფორმდა საქორწინო კონტრატი, საქორწინო კონტრაქტის გაფორმებაში მონაწილეობას იღებენ მხარდამჭერი პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს მეუღლე.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვთ ქმედუუნარო პირებს. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი ეს უფლება შეეზღუდებათ მხოლოდ იმ მხარდაჭერის მიმღებებს, რომლებიც მოთავსებულნი არიან სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
მიუხედავად იმისა, რომ სისტემა მთლიანად მხარდაჭერის მოდელზეა გადასული და ყველა გარიგებასა თუ გადაწყვეტილებაში პირი თავადვე მონაწილეობს და მხარდამჭერი უბრალოდ მას ეხმარება, პაკეტი ითვალისწინებს ჩანაცვლების შემთხვევასაც, მაგალითად, თუ ვერ მყარდება კომუნიკაცია ადამიანთან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და ეს მდგომარეობა მის საუკეთესო ინტერესს აყენებს ზიანს. გამონაკლისის სახით შესაძლოა მხარადამჭერმა ჩაანაცვლოს პირის ნების გამოხატვა.
მხარდამჭერ პირზე კონტროლს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ახორციელებს, მას ეზრდება ფუნქციები. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გააკონტროლებს, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ მხარდამჭერები თავიანთ მოვალეობას, გარდა ამისა მხარდამჭერი ვალდებული იქნება არანაკლებ 6 თვის ვადაში წარადგინოს ანგარიში მხარდაჭერის განხორციელების შესახებ.
რისკები
ლინა ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ პრაქტიკა, რომელიც ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ განვითარდება, ბევრ ხარვეზს გამოაჩენს. მისი შეფასებით, ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე რთული კონცეფციაა, რომელიც ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მხარდაჭერის სერვისები ისედაც არის განვითარებული, იქაც კი რთულად მუშაობს:
“მით უფრო ამ ქვეყანაში, სადაც მსგავსი ტიპის თეორიული და ტექნიკური ცოდნა არ არსებობს. ამიტომ ძალიან რთული იქნება ამ კანონმდებლობის აღსრულება სათანადოდ. იგივე სასამართლო როგორ იმსჯელებს ასეთი ტიპის საქმეებზე, როცა ათეული წელი სრულიად განსხვავებულად ხდებოდა ამ თემების განხილვა, შეფასების ნაწილშიც კი არ არსებობს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია. მერე ამ შეფასებას როგორ გამოიყენებს სასამართლო, როგორ მოხდება ჩართვა. არის რისკები, რომ ამ პროცესმა არ მიიღოს ძალიან ტექნიკური ხასიათი და რეალურად განხორციელდეს”, – ამბობს ღვინიანიძე.
ცვლილებების პაკეტის მიღების შემდეგ გარდამავალი პერიოდი 5 წლით განისაზღვრა. აღნიშნული დროის პერიოდში სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს ყველა იმ პირის საქმე ახალი წესით, რომელსაც აქამდე ქმედუუნაროს სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.