ახალი ამბები

ქლორის გაჟონვის შედეგად 18 წლის პაციენტი გარდაიცვალა

11 ივლისი, 2012 •
ქლორის გაჟონვის შედეგად 18 წლის პაციენტი გარდაიცვალა

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ივნისს ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის შედეგად დაშავებული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გუშინ ღამით გარდაიცვალა. ქლორის საწარმოს ხელმძღვანელს კი, კანონმდებლობის შესაბამისად, ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

 

გარდაცვლილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირველივე დღიდან კლინიკის წარმომადგენლები როგორც უმძიმესს, ისე აფასებდნენ. 

 

„მისი სუნთქვითი გზებისთვის ეს ფაქტორი დამატებითი გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. როდესაც პაციენტი კლინიკაში შემოიყვანეს, გული გაჩერებული ჰქონდა,”- აცხადებდა კლინიკის დირექტორი ბაადურ მოსიძე. 

 

პაცინეტი ერთი კვირის მანძილზე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.  

 

შპს “კრისტალის” საწარმოს აუზში ქლორმა 3 ივნისს გაჟონა. ინტოქსიკაციით რამდენიმე დღის მანძილზე თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ათეულობით მოქალაქე მოხვდა. 

 

შპს “კრისტალი” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას თხევადი ქლორით უზრუნველყოფდა. 

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “კრისტალმა” 2012 წლის 24 იანვარს გაიმარჯვა. 

 

“სულ სამჯერ მოგვაწოდა თხევადი ქლორი. ამ ხნის განმავლობაში კომპანიის მიმართ პრეტენზია არ გვქონია, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ ვფიქრობთ, რომ “კრისტალთან” ურთიერთობას შევწყვეტთ,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის უფროსი, ჯილდა მაჭავარიანი. 

 

ქლორის გაჟონვის გამო სამართალდამცავებმა აღნიშნული ფაქტის შემდეგ დააკავეს შპს ”კრისტალის” დირექტორი ლევან დაუთაშვილი. 

  

შსს-ს მაშინდელი განაცხადით, დაკავებულ ლევან დაუთაშვილს წაუყენეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის მიხედვით.

 

აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტოქსიკური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსათვის საშიში სხვა ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას მისი წარმოების, ტრანსპორტირების, განთავსების, შენახვის, ჩამარხვის ან გამოყენების დროს, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს არსებითი დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

თუ ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან ადამიანთა მასობრივი დაავადება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი