ახალი ამბები

ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

11 ივლისი, 2012 •
ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ბოლო კვირების განმავლობაში სააგენტო “ინფო 9”-ის და ტელეკომპანია მეცხრე არხის ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

 

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა არაერთი ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია ნაწილ ჟურნალისტთა მიერ სამუშაო პროცესში სხვა ჟურნალისტებისადმი დაბრკოლებების შექმნა და უპატივცემულო და არაკოლეგიური დამოკიდებულების გამოვლენა. უდავოა, რომ ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელს და  ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, აქვს უფლება, თავისუფლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. ამავდროულად, აუცილებელად მიმაჩნია, ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტებმა დაიცვან ეთიკის ნორმები და პროფესიული სტანდარტები. ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრონ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. მით უფრო მიუღებელად ვთვლი სხვა საინფორმაციო სააგენტოებისა თუ მედიასაშუალების წამომადგენელთათვის შეურაცხყოფის მიყენებას და მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დაბრკოლებების შექმნას.  

 

მოვუწოდებ ყველა  მედიასაშუალებას, მათ წარმომადგენლებსა და მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ყველა პირს, საქმიანობისას მკაცრად დაიცვან პროფესიული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც შეურაცხმყოფელია სხვა კოლეგებისადმი, პროვოცირებას უკეთებს კონფლიქტს და ქმნის დაპირისპირების საფრთხეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი