ბათუმის დელფინარიუმი კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ დაქვემდებარებაში რჩება, კომპანიის დირექტორის ბესო დემეტრაშვილის ინფორმაციით, ბათუმის მერიასთან დადებული ხელშეკრულება „ბათუმის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო შემსწავლელი კვლევითი ცენტრის“ მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით, რომლის შემადგენლობაშიც ბათუმის დელფინარიუმი ფუნქციონირებს, არ შეწყვეტილა.
ინფორმაციას ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა მახარაძეც ადასტურებს. მისი თქმით, კონტრაქტორს მერიაში ჯერ კიდევ არ გაუგზავნია შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას აქვს პრობლემები და ვეღარ გააგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაბამისად, ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას.
დელფინარიუმის დირექტორის, ნატალია ზოიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დელფინარიუმი თვითდაფინანსების რეჟიმში მუშაობს.