ადვოკატებმა მაიკლ პიტაკისისიმ და ქრისტოდულოს ვასილიადისიმ, რომლებიც, მათივე განცხადებით, “ქართუ ჯგუფის” უცხოელი აქციონერების ადვოკატების წარმოადგენენ, დღეს ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგი გამართეს. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე
ქართველი ადვოკატები – არჩილ კბილაშვილი და პაატა კიკნაველიძეც იმყოფებოდნენ.
“ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის „ქართუ ჯგუფის“ არც ერთი აქცია. იგი ასევე არ ფლობს არავითარ წილს „ქართუ ჯგუფის“ უცხოურ კომპანიებში და ამრიგად, „ქართუ ჯგუფის“ აქციები არანაირად არ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან. ასე რომ, იგი არ არის არც „ქართუ ჯგუფისა და არც „ქართუ ბანკის“ ბენიფიციარი მესაკუთრე. ჩვენ გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს აუქციონზე სს “ქართუ ჯგუფის” 16 აქციონერის კუთვნილი აქციების გაყიდვა, რადგან ეს სხვისი ქონებაა“, _ განაცხადა კვიპროსელმა ადვოკატმა ქრისტოდულოს ვასილიადისმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქარათველოს ხელისუფლება არ შეისმენს ზემოხსენებულ განცხადებას და იძულებითი აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს „ქართუ ჯგუფის“ აქციებს, მაშინ ეს შეფასდება როგორც უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაცია და უცხოელი ინვესტორები და კომპანიები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, დაიწყებს საერთაშორისო სამართლებრივ დავას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “ქართუ ჯგუფის” აქციების 100%, ისევე როგორც აქციების 100% “ქართუ ბანკში” და აქციების 20% პროგრეს ბანკში ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად 2 ივლისს გაიტანა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, აუქციონზე აქციები სასამართლოს მიერ გაცემული #4/ა-131-12 და #4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გაიტანეს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იძულებითი თანხის ამოღების პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 16 ივნისს კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჯამში 74 მილიონ 325. 065 ლარით დაჯარიმა. საუბარია ”გლობალ ტვ”–ის მიერ მოსახლეობისთვის ანტენებისა გადაცემისა და შპს ”ბურჯის” და ”ელიტა ბურჯის” მიერ ”ქართული ოცნებისთვის” ავტომობილების მიქირავებაზე. კონტროლის პალატამ და შემდგომ უკვე სასამართლომ მიიჩნია რომ “გლობალ ტვ”-ის მიერ მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების განვადებით მიყიდვა და მონტაჟი არ შეიძლებოდა ყოფილიყო მომგებიანი კომპანიისთვის. გარდა ამისა, სასამართლომ უკანონო შეწირულობად მიიჩნია კოალიცია “ქართულ ოცნებისთვის” ავტომანქანების მიქირავება შპს ”ბურჯის” და ”ელიტა ბურჯის” მიერ, რადგანაც კონტროლის პალატის და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქირაობის თანხა საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამებოდა.
26 ივნისს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში”, აქციების 100%-ს სს “ქართუ ბანკში”, აგრეთვე, აქციების 21.7%-ს სს “პროგრეს ბანკში”. ყველა ეს ქონება აღსრულების ბიურომ შეაფასა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ქონება, თუმცა ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ის საქართველოში არანაირ ქონებას აღარ ფლობს, რადგანაც ქართუ ბანკში მისი წილები შვილს, უტა ივანიშვილს გადაუფორმა.
აღსრულების ეროვნულმა ბიუროს ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ შეუტყობინებიათ „ქართუ ბანკის“ მფლობელობაში რაიმე ცვლილების თაობაზე და ამის გამო “ბანკი ქართუს აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი“ ქართუ ჯგუფის მეშვეობით.
ამ თემაზე განმარტება საქართველოს ეროვნული ბანკმაც გააკეთა და განაცხადა, რომ აქციათა მესაკუთრეების ცვლილებების შემთხვევაში აუცილებელია ეროვნული ბანკის თანხმობა.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც მნიშვნელოვანი წილის შემძენს, არც გამსხვისებელს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, კანონის მიხედვით, გარიგება იმპერატიულად ითვლება ბათილად”,” – მიიჩნევს ეროვნული ბანკი.
აღნიშნულს არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი და ამბობს, რომ ეროვნული ბანკისგან ნებართვა არის იმ შემთხვევაში საჭირო, როდესაც სხვისდება კომერციული ბანკის აქციები 10 პროცენტის ზევით. მისი თქმით, კანონი ამბობს, რომ თუ 10 პროცენტის ქვევით ხდება გასხვისება და შემძენი 10 პროცენტზე ნაკლებს იძენს, არ სჭირდება ეროვნული ბანკისგან ნებართვა. 11 სუბიექტი რომ შემოვიდა, თითოეულის წილი არის 7 პროცენტის ფარგლებში.
კბილაშვილი სს “ქართუ ჯგუფის” აქციებთან დაკავშირებულ საქმეს სამ დონედ ყოფს.
“პირველი დონე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ბანკი “ქართუს” მესაკუთრეა სს “ქართუ ჯგუფი”, მეორე დონე, როდესაც სს “ქართუ ჯგუფის” მესაკუთრეა ოთხს პლიუს ორი სუბიექტი და მესამე დონე არის ის, როდესაც ოთხი უცხოური კომპანიის უკან არის ბიძინა ივანიშვილი. ამჟამად აუქციონზე გასაყიდად გატანილ ქონებასთან ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია კავშირი. ასეთი კავშირი მხოლოდ 30 აპრილამდე არსებობდა. 30 აპრილამდე პერიოდში სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფის” აქციები ეკუთვნოდა 6 კომპანიას, მათ შორის იყო ოთხი უცხოური და ორი ქართული. (“ფინსეკ ლიმიტედი“, “ტარპან მენეჯმენტ ლიმიტედი“, “კრისტა ინვესტმენ ლიმიტედი“ და “სარგანს ლიმიტედი“. ასევე ორი ქართული კომპანია, რომელთა მესაკუთრე “ფინსეკ ლიმიტედი“ იყო). ამ ოთხი კომპანიის უკან საზღვარგარეთ მესაკუთრე კი ბიძინა ივანიშვილი იყო ”, – აღნიშნავს კბილაშვილი “ნეტგაზეთთან” და დასძენს, რომ ხელისუფლება ამ დონეებს არ უყურებს და ივანიშვილს აღიქვამენ, როგორც პირველი დონის მესაკუთრეს, რაც არასწორია.
ადვოკატის განცხადებით, 30 აპრილის შემდეგ აღნიშნულმა ოთხმა უცხოურმა კომპანიამ გაასხვისა აქციები სხვადასხვა 11 უცხოურ კომპანიაზე.
“ახლა კი უცხოური კომპანიის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ არანაირი კავშირი მათ არ აქვთ ივანიშვილთან და მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს მათი აქციების გასხვისებისაგან”, – ამბობს კბილაშვილი და იმ შედეგებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც შეიძლება აუქციონმა გამოიწვიოს.
“მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ ვინც ხელში ჩაიგდებს ამ აქციებს, ის ავტომატურად ხელთ იპყრობს ბანკსაც და სხვა უძრავ ქონებებსაც. მიუხედავად იმისა, რომ 30 აპრილის შემდეგ ივანიშვილი არ არის უკვე მფლობელი სს “ქართუ ჯგუფის” ამ კომპანიების სახით, და მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიებმა გაასხვისეს თავიანთი წილის დიდი ნაწილი, 95 პროცენტი, ამის მიუხედავდ, მაინც ხდება ამ ქონების დაყადაღება და აუქციონზე გატანა”, – განაცხადა ადვოკატმა კბილაშვილმა.
ზემოხსენებული კომპანიების ქართველი ადვოკატი პაატა კიკნაველიძის განცხადებით, დღესვე მათ მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს:
“კომპანიებმა, როგორც ახალმა მესაკუთრეებმა, შეიტანეს სარჩელი სასამართლოში და სასამართლოს ევალება, 24 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება, შეაჩეროს თუ არა აუქციონი”.