ახალი ამბები

ახალი დოკუმენტი პარტიების დაფინანსების კონტროლს განმარტავს

9 ივლისი, 2012 •
ახალი დოკუმენტი პარტიების დაფინანსების კონტროლს განმარტავს

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ,   “პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგი: მეთოდოლოგია” პოლიტიკური ფინანსების მეტი გამჭვირვალიბისთვის შეიქმნა:

“ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა პოლიტიკური საქმიანობისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ კანონიერი ფული და არ მოახდინოს ამომრჩეველთა ხმაზე უკანონო ფინანსებით უსამართლო ზემოქმედება”, – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილემ, თუნა ბოკუჩავამ.

დოკუმენტის შემუშავებაში, რომელიც კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის მისაწვდომი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც” იყვნენ ჩართული:

“ამ დოკუმენტის შექმნა პრაქტიკამ განაპირობა, დეკემბერში კანონმდებლობაში შესულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა უამრავი კითხვა გააჩინა, მნიშვნელოვანი არგუმენტირებული კრიტიკა წამოვიდა როგორც პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მარტის თვეში, როდესაც კონტროლის პალატამ მასობრივად დაიბარა ხალხი დაკითხვაზე, ამიტომ შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განმარტავს კანონის ბუნდოვან ნაწილს, მაგალითად, რა იგულისხმება საარჩევნო მიზნებისა და ამოცანების ქვეშ და ა.შ. ეს დოკუმენტი იქნება საერთო სტანდარტი ყველა სუბიექტისთვის”, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტალიური.

დოკუმენტის შექმნას დადებითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც”:

“პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამკაცრებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, არის საკითხები, რაც კანონში დეტალურად ვერ იქნება განმარტებული, მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს პირების დაკითხვა, რა ვადებში, რა ფორმით და ა.შ. სწორედ ეს ყველაფერი იქნება დეტალურად გაწერილი ამ დოკუმენტში, რაც, ჩვენი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურიდიულმა მრჩეველმა ანდრია ნადირაძემ.

დოკუმენტის შემუშავებასთან ერთად საკონსულტაციო საბჭოც იქმნება, რომლის შემადგენლობაშიც როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შევლენ:

“საბჭო თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კი უფრო ხშირად შეიკრიბება. წინასაარჩევნო პერიოდში ამ კუთხით მუდმივად ახალი ქეისები გვემატება, რომელსაც საბჭო განიხილავს, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებებზე წინადადებაც შეიტანოს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფრის ინიცირებაში ჩართული იქნებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური პარტიები.”, – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნატო ზაალიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი