ახალი ამბები

საგარეო უწყებაში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტი NGO-ებს არ გააცნეს

17 ოქტომბერი, 2016 • 1549
საგარეო უწყებაში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტი NGO-ებს არ გააცნეს

დღეს, 17 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის პროექტი უნდა განეხილათ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სამინისტრომ შეხვედრაზე ასოცირების დოკუმენტი არ წარმოადგინა.

შეხვედრას კავშირ “საფარის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ასეთი რამე შემოგვთავაზეს: თქვენ საკითხები დაასახელეთ და ჩვენ გეტყვით, წერია პროექტში თუ არაო,” – ამბობს ერეკლე ურუშაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროგრამის მენეჯერი.

ერეკლე ურუშაძის განმარტებით, ასოცირების დღის წესრიგის დამტკიცებამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დოკუმენტის ჩვენებას არ გეგმავს:

“მიგვიწვიეს ასოცირების დღის წესრიგის განხილვაზე. კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა გადაწყვიტა ხელისუფლებამ, თუმცა, ჩართულობა რომ აზრიანი იყოს, საჭიროა დოკუმენტი ვნახოთ და ჩვენი მოსაზრებები გავუზიაროთ. მიგვიწვიეს განხილვაზე და დოკუმენტი არ გაგვიზიარეს. გაუგებარია, როგორ უნდა განვიხილოთ ის, რაც არ გვინახავს. თან, სანამ საბოლოოდ არ დამტკიცდება, არ აპირებენ. დღეს ასეთი მესიჯი გააჟღერა სამინისტრომ. რომ დამკტიცდება, შემდეგ ისედაც ვნახავთ.”

“საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ ევროკავშირი არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტაციებში მონაწილეობის წინააღმდეგი არ არის:

“საქართველოს მთავრობამაც თქვა, რომ წინააღდმეგი არ არის. გვქონდა მოლოდინი, რომ დოკუმენტს გავეცნობოდით და ვიმსჯელებდით. თუმცა დოკუმენტი არ გაგვაცნეს. პრეზენტაცია, რომელიც შეხვედრაზე წარმოადგინეს, ძალიან ზოგადი და ზედაპირული იყო. საუბარი იყო იმაზე, თუ რა სტრუქტურა იქნება და რა ქვეთავები. ეს არ იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ დოკუმენტის შინაარსს გავეცნოთ. შეხვედრაზე არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ ამ ფორმატში ვერ ვიმუშავებთ. გვიპასუხეს, რომ კიდევ ერთხელ განიხილავენ ამ საკითხს,” – აღნიშნავს პატარაია.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს დოკუმენტში სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ ჩანაწერი გააკეთოს:

“ეს ევროკავშირის მოთხოვნა არაა. აქამდე “ქართულმა ოცნებამ” რამდენჯერმე სცადა სიძულვილის ენის დარეგულირება, თუმცა ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მესამე სექტორი ერთხმად ეწინააღდმეგება ასეთ ინიციატივას. შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფო ამ საკითხს ლობირებს. სიძულვილის ენასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების შინაარსი შეიძლება სხვადახვანაირი იყოს, იქნება ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვა, თუ სხვა ტიპის გრძნობებთან დაკავშირებული. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ სიტყვისა და გამოხატვის ძალიან მაღალი სტანდარტი შეიცვალოს.”

საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამავე განცხადების თანახმად, სამინისტრომ  არასამთავრობო სექტორს წარუდგინა დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული მთავარი პრინციპები, პრიორიტეტები და მიმართულებები:

“ასევე, გააცნო ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგის თაობაზე მოლაპარაკებების ინსტიტუციური ჩარჩო.  შეხვედრა  ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო სექტორმა წამოადგინა საკუთარი წინადადებები, რომელთა ასახვაც მათი მოსაზრებით მნიშვნელოვანი იქნება ახალ დოკუმენტში. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი რეკომენდაციები, ზოგადად, დღის წესრიგის ტექსტის პროექტში ასახულია და გამოითქვა მზაობა, რომ შეხვედრაზე  მათ მიერ  დამატებით გაჟღერებული რეკომენდაციები ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში მაქსიმალურად იქნას  გათვალისწინებული,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი