ახალი ამბები

კვლევამ “ჰოსპიტალურ სექტორზე” პრობლემები გამოავლინა

9 ივლისი, 2012 • 915
კვლევამ “ჰოსპიტალურ სექტორზე” პრობლემები გამოავლინა

“საქართველოში თითქმის ყველა საავადმყოფოს მესაკუთრეები კერძო ინვესტორები არიან, ზოგიერთ მათგანზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის,” – ეს არის ერთ-ერთი ამონარიდი ანგარიშიდან, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა. 

 

აღნიშნული ანგარიში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადდა.

 

ანგარიშის ძირითადი მიგნებებს შორის გამოიკვეთა: 

 

● სოციალური დაზღვევის ვაუჩერული სისტემიდან რეგიონულ სისტემაზე გადასვლამ სადაზღვევო კომპანიებსსაშუალება მისცა, რომ კონკრეტულ რეგიონებში სოციალური დაზღვევის მონოპოლისტი პროვაიდერები გამხდარიყვნენ. შედეგად, პაციენტებმა შესაძლებლობა დაკარგეს, სოციალური დაზღვევის პროვაიდერი ანსაავადმყოფო თავად აირჩიონ.

 

● ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური წყაროა ჰოსპიტალურ სექტორის მფლობელობასა და მართვაში ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობა. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ზოგიერთ საავადმყოფოში უპირატესობა შესაბამისი ფარმაცევტული კომპანიის მიერ იმპორტირებულ თუ წარმოებულ მედიკამენტებს ენიჭება.

 

● სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და პაციენტთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები ამჟამად სუსტია. ამასთან, პრობლემატურია სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება და მათი უფლებების დაუცველობა, განსაკუთრებით რეგიონებში. 

 

ანგარიშში ხაზგასმული პრობლემების გადასაჭრელად ანგარიშის ავტორები რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაზე საუბრობენ: 

 

● სამედიცინო მომსახურების გარეშე რეგიონების დარჩენის რისკი უნდა შემცირდეს ფინანსური სტიმულირებით, საავადმყოფოთა მფლობელებისთვის დამატებითი ვალდებულებუების დაწესებით და რეგიონებში სამედიცინო მომსახურებისა და საავადმყოფოების გაქრობაზე დროული რეაგირების პროგრამის შემუშავებით.

 

● უნდა მოხდეს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფლებების გაზრდა და მისი ინსტიტუციური გაძლიერება.

 

● ჰოსპიტალურ სექტორში ამჟამად განხორციელებული პოლიტიკის შედეგების უკეთ გააზრებისა და არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელია სისტემის მუდმივი მონიტორინგი და სათანადო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი