ახალი ამბები

NGO-ები პარტიებს მოუწოდებენ, საჯაროდ დაგმონ ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტი

17 ოქტომბერი, 2016 • 1392
NGO-ები პარტიებს მოუწოდებენ, საჯაროდ დაგმონ ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტი

თბილისში ტრანსგენდერი ქალის სასტიკად ცემის ფაქტს “კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯაროდ დაგმონ ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტი და დაიკავონ მყარი პოზიცია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღდეგ.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, სრულყოფილად შეისწავლონ ტრანსგენდერი ქალის მიმართ გამოვლენილი სასტიკი ძალადობის საქმის ირგვლივ ყველა გარემოება, მათ შორის, სავარაუდო სიძულვილის მოტივის შეფასება; ასევე, დროულად მოახდინონ დამნაშავე პირ(ებ)ის იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ დევნის დაწყება. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოებმა პერიოდულად უნდა მოახდინონ გამოძიების პროგრესის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება.

NGO-ების ერთობლივი განცხადებით, აღნიშნული სასტიკი ძალადობა არ არის საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანზე განხორციელებული პირველი თავდასხმა და საბი ბერიანის მკვლელობის საქმეს იხსენებენ:

“წლების განმავლობაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ექვემდებარებიან განგრძობით ძალადობასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან. ეს დასტურია 2014 წელს ტრანსგენდერი ქალის – საბი ბერიანის მკვლელობის საქმე, რომელშიც ეროვნულმა სასამართლომ ბრალდებული პირი უდანაშაულოდ ცნო, საქართველოს პროკურატურის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის გამო.”

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლგბტ თემის წევრთაგან ტრანსგენდერი ადამიანები, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ.

“ტრანსგენდერ ადამიანთა არსებითად მძიმე უფლებრივ მდგომარეობასა და გავრცელებულ ძალადობრივ პრაქტიკებზე საქართველოს სახალხო დამცველმა მის საპარლამენტო ანგარიშებში არაერთხელ გაუსვა ხაზი და სახელმწიფოს მოუწოდა ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ ლგბტ თემის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და შევიწროების სრულყოფილი გამოძიების მიზნით,” – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

OSCE/ODIHR -ის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულში, თუ დანაშაულის მსხვერპლი უმცირესობის წარმომადგენელია ან ისტორიულად მარგინალიზებულ და ჩაგრულ ჯგუფს წარმოადგენს, აღნიშნული უკვე საკმარისია, რათა სამართალდამცავმა ორგანომ შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივზე გამოძიება დაიწყოს. ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ძალადობრივ დანაშაულებში, როდესაც სხვა უფრო აშკარა მოტივის იდენტიფიცირება პირველად ეტაპზე ვერ ხერხდება და როდესაც მსხვერპლისა და სავარაუდო დამნაშავეს განსხვავებული იდენტობა აქვთ, დანაშაულის სიმძიმე და მისი სისასტიკე წარმოადგენს ძლიერ ინდიკატორს იმის მისანიშნებლად, რომ დანაშაული შეუწყნარებლობის მოტივით იქნა ჩადენილი. NGO-ების განცხადებით, იმ ადამიანთა დეჰუმანიზებისა და ღირსების შელახვის მიზნით, რომელთა წინააღმდეგაც სავარაუდო დამნაშავე ფლობს ნეგატიურ წინასწარგანწყობებს, დანაშაული სწორედ არსებითად სასტიკი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.

“სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს აშკარად არაეფექტურმა პოლიტიკამ, მათ შორის, გახმაურებულ საქმეებზე (2012 და 2013 წლის 17 მაისის საქმეებზე თემის წევრებისა და აქტივისტების ძალადობრივი დარბევის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმე) მართლმსაჯულების სისტემის არსებითმა ხარვეზებმა და ამ კუთხით ადამიანის უფლებებზე და თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების ნების არარსებობამ საზოგადოებაში დაუსჯელობის გარემო შექმნა და ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფად აქცია,” – აცხადებენ “კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციები.

აღნიშნული მიდგომებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის საქმე და ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია მისცეს, მათ შორის, ჯეროვნად შეისწავლოს დანაშაულის მოტივისა და სხვა დამამძიებელი გარემოებების (მაგალითისთვის, ჯგუფურობა) მაიდენტიფიცირებელი გარემოებები და სავარაუდო სიძულვილის მოტივი ადეკვატურად ასახოს ქმედების სამართლებრივ შეფასებაში:

“ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებულმა სიძულვილის ენამ, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოებაში მორალური პანიკის წარმოებისა და ლგბტ პირთა პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას (ამ კუთხით ხაზი უნდა გაესვას ქორწინებასთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ დაყენებულ ინციატივას), ხელი შეუწყო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე პირთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების გაუარესებას, რომელიც ძალადობასა და დისკრიმინაციულ პრაქტიკაში გამოიხატა.”

NGO-ების ერთობლივი განცხადებით, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საჯარო განცხადებებითა და სისტემური პოლიტიკის გატარების გზით პოლიტიკურ დონეზე აჩვენოს მისი მყარი პოზიცია, რომ სახელმწიფო არ არის ლოიალური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ და თანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ სამართალდარღვევებს სრული სიმკაცრით ებრძვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ამგვარი დანაშაულების სიმბოლური მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ ნეგატიური სოციალური ეფექტი არა მხოლოდ ინდივიდუალურ მსხვერპლ(ებ)ს, არამედ მთელ თემს ადგება და თემის წევრებში შიშის, დაუცველობის განცდებსა და სასოწარკვეთას წარმოშობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, მედიამ საქმის გაშუქების დროს ჯეროვნად დაიცვას ადამიანის უფლებების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

როგორც NGO-ების განცხადებაშია ნათქვამი, კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქმის მიმდინარეობის პროცესს აქტიურ მონიტორიგს გაუწევენ და საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდიან ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით.

 

 

ტრანსგენდერ ქალს 14 ოქტომბერს თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე, დაესხნენ თავს და ყელის არეში მიაყენეს ჭრილობა. შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებული რუსთავში16 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათი ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დღეს, 17 ოქტომბერს, ნეტგაზეთის ნიუ ჰოსპიტალსში განუცხადეს, რომ დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი