ნეტგაზეთი | იმამკულიევი: არჩევნების დღეს დაკავებული პირების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულება ხორციელდება იმამკულიევი: არჩევნების დღეს დაკავებული პირების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულება ხორციელდება – Netgazeti

იმამკულიევი: არჩევნების დღეს დაკავებული პირების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულება ხორციელდება

მარნეულის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის აზრით,  არჩევნების დღეს დაკავებული პირების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულება ხორციელდება.

დღეს, 4 ოქტობმერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულში დაკავებულ ექვსივე პირს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ახმედ იმამკულიევის აზრით, სახეზეა ორმაგი სტანდარტით მოქმედება:

“კორცხელში მარნეულზე მძიმე შემთხვევა მოხდა. იქ დეპუტატებს სცემეს და დამნაშავეები ასი ლარით დააჯარიმეს. 8 ოქტომბერს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის მონაწილე გირაოთი გაუშვეს. ორმაგი სტანდარტია სახეზე. მე დიდი შანსი მაქვს, რომ იმ სოფელში განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ პირველივე ტურში მოვიგო და ახლა დაშინება დაიწყეს.  სოფელში ამ ექვსი ადამიანის  დაკავება მოხდა სპეცნაზით, როგორც რეციდივისტების. ზუგდიდში სპეცნაზით არ დაუკავებიათ ბრალდებული. მე აქციების მომხრე არ ვარ, არ ვიცი, მოსახლეობა რას იზამს, მაგრამ თუ სასამართლომ ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობა გააპროტესტებს, მე მათ გვერდით დავდგები, სანამ მათი უფლებები არ იქნება დაცული.”

დღესვე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ჯიხაშკარის 108-ე უბანზე არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს გირაო შეუფარდა.

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, 13 ოქტომბერს  6 პირი დააკავა.

მარნეულის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის განცხადებით, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული პირები უდანაშაულონი არიან.

ადვოკატი აცხადებს, რომ მარნეულში დაკავებული ენმ-ის 3 აქტივისტი ნაცემია. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან   მან თქვა, რომ ისინი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

8 ოქტომბერს მარნეულში, #48 უბანთან 18:40 საათზე სპეცრაზმი მივიდა. სპეცდანიშნულების რაზმის ადგილზე გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა  და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლას და უბნის შენობის მინების ჩამსხვრევას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.