ახალი ამბები

მარნეულის #48 უბანთან სპეცრაზმი მივიდა

8 ოქტომბერი, 2016 • 2330
მარნეულის #48 უბანთან სპეცრაზმი მივიდა

მარნეულში, #48 უბანთან 18:40 საათზე სპეცრაზმი მივიდა. სპეცდანიშნულების რაზმის ადგილზე გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა  და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლას და უბნის შენობის მინების ჩამსხვრევას.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ინციდენტი ნაციონალური მოძრაობის მიერაა პროვოცირებული, რასაც უარყოფს ნაციონალური მოძრაობა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის წევრი, გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დაარბიეს. გიორგი ტუღუშის განცხადებით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ხელკეტებს, გატაცებულია საარჩევნო ყუთი, რომელიც წაიღეს უბნიდან. პოლიციამ ვერ მოახერხა ამ დარბევის პრევენცია და იყო არაეფექტური. ტუღუშის ინფორმაციით, მათმა ნაწილმა დატოვა კიდეც უბანი, რადგან ვერ უმკვლავდებოდა მათ.

“როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” აგებს არჩევნებს”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” გრძნობს და იცის, რომ აგებს არჩევნებს. ტუღუში ამბობს, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა “ქართული ოცნების” კანდიდატის ვიზიტები, იგი ემუქრებოდა გარეთ შეკრებილ ხალხს, რომ დაკეტავდა უბანს.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, უბანზე გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი პაატა ბურჭულაძისა და ქართული ოცნების მხარდმჭერებს შორის.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარნეულის საარჩევნო ოლქში, 48-ე უბანთან პროვოკაცია მოაწყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა:

“ნაცმოძრაობის 100-ზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნო უბანთან და მათ სცადეს ძალადობრივი ფორმით და მეთოდებით საარჩევნო უბნის ჩაშლა. კერძოდ, მათი მიზანი იყო, როგორც ჩანს, ყუთის გატაცება. ჩვენ მოვუწოდეთ თავიდანვე  ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ აყოლოდნენ პროვოკაციას, არც ერთ შემთხვევაში არ შესულიყვნენ ძალადობრივ მოქმედებებში ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან. ასევე, მოვუწოდეთ, მათ შორის ღია ეთერიდან, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ ამ ყველაფერში. რეალურად, სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ ადგილზე და, საბოლოო ჯამში, ნაცმოძრაობის აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, როგორც ჩვენს აქტივისტებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის ისინი ესროდნენ ქვებსაც. ეს არის ტრადიციული მეთოდი ნამოძრაობის. გვახსოვს ჩვენ არაერთი აქტი წინა არჩევნებიდან, ისინი მათ შორის ქვებს ისროდნენ. გამოირჩეოდნენ ისინი აგრესიულობით სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც ასევე ქვა ესროლეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

გარდა ამისა, „იმედის“ ჟურნალისტს გაუტეხეს კამერა ნაცმოძრაობის აქტივისტებმა.

რაც შეეხება ნაცმოძრაობის დღევანდელ  სპიკერს, გიორგი ტუღუშს, რომელიც იყო სააკაშვილის ომბუდსმენი და სააკაშვილის ბოლო სასჯელაღსრულების მინისტრი, მანაც გაავრცელა ბინძური ტყუილი, ბინძური სიცრუე. ესეც არ გვიკვირს ჩვენ, ბუნებრივია, გიორგი ტუღუშისგან. მან თქვა, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს ამ უბანს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ესენი იყვნენ ნამოძრაობის წარმომადგენლები, ისინი თავს დაესხნენ საარჩევნო უბანს, შეეცადნენ საარჩევნო უბნის ჩაშლას, ყუთის გატაცებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ ვპირდებით ნაცმოძრაობის აქტივისტებს და მათ შორის იმამყულიევს, რომელიც იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი, ისინი ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა კობახიძემ.

ცესკოს ცნობით, საარჩევნო ყუთი გატაცებული არ არის. ქვების და ხელკეტების სროლის შედეგად დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი