ე.წ. საქნავთის დასახლება ლილოს სავაჭრო ცენტრამდე მდებარეობს. საწარმო, სადაც ქლორის გაჟონვა მოხდა, ხის ფიცრულითაა შემოღობილი და პოლიცია იცავს.
კახეთის გზატკეცილის აღნიშნულ მონაკვეთზე ქლორის სუნი ამ დრომდე დგას. საწარმოდან დაახლოებით 200 მეტრში მდებარე კორპუსებში მცხოვრებლები ამ დრომდე თვალების წვისა და თავბრუსხვევის სიმპტომებით სასწრაფო დახმარებას იძახებენ, რის შემდეგაც ზოგიერთი მათგანი სასწრაფოს თბილისის რეფერალურ საავამდყოფოში გადაყავს.
“ის, რომ ღია ატომეფეროში ისევ ხდება ინტოქსიკაცია, შეუძლებელია. წყლის ჭავლით ეს ადგილი უკვე ჩამაოირეცხა და ქლორის შენაერთები გააუვნებელყოფა. ერთადერთი მიზეზი ამ დრომდე მიმართვების არის ის, რომ მოქალაქეების მაშინვე არ გაეწია პროფესიული დახმარება,” -ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს ქირურგთა ასოციაციის პრეზინდეტი, ბაადურ მოსიძე.
საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, სადაც დღემდე 32 პაციენტი რჩებოდა, ინტოქსიკაციით საღამოს საათებში კიდევ რამდენიმე პაციენტი შეიყვანეს. მათ შორის არიან დედაქალაქის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ჟურნალისტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდა.
რაც შეეხება სხვა კლინიკებს, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ამ დროსითვის 2-დან 14 წლამდე 13 პაციენტი იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ხვალამდე მათ კლინიკიდან ვერ გამოწერენ.
გარდა ამისა, ერთ-ერთ გინეკოლოგიურ კლინიკაში იმყოფება ქლორის გაჟონვის შედეგად დაშავებული ორსული, რომლის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ.
“გაგვიმართლა, ვინაიდან ქლორის გაჟონვა ღია ატმოსფეროში მოხდა. სხვა შემთხვევაში ბევრად მძიმე სურათს მივიღებდით,”- ამბობს საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ბაადურ მოსიძე.
მედიკოსთა შეფასებით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 18 წლის მამაკაცია, რომელიც საუნივეტსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
კლინიკის დირექტორის განმარტებით, 18 წლის მამაკაცის მდგომარეობის სირთულე ბრონქიალურმა ასთმამ განაპირობა.
„მისი სუნთქვითი გზებისთვის ეს ფაქტორი დამატებითი გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. როდესაც პაციენტი კლინიკაში შემოიყვანეს, გული გაჩერებული ჰქონდა. ახლა მართვით სუნთქვაზეა, თუმცა იმპულსები აქვს. მასთან ინტოქსიკოლოგი და რეანიმატოლოგები მუშაობენ,”- ამბობს ბაადურ მოსიძე.
ექიმი ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.
შპს “კრიტალი,” რომლის საწარმოს აუზში გუშინ, 3 ივლისს ქლორმა გაჟონა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას თხევადი ქლორით უზრუნველყოფდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “კრისტალმა” 2012 წლის 24 იანვარს გაიმარჯვა.
“სულ სამჯერ მოგვაწოდა თხევადი ქლორი. ამ ხნის განმავლობაში კომპანიის მიმართ პრეტენზია არ გვქონია, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ ვფიქრობთ, რომ “კრისტალთან” ურთიერთობას შევწყვეტთ,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის უფროსი, ჯილდა მაჭავარიანი.
ქლორის გაჟონვის გამო სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს შპს ”კრისტალის” დირექტორი ლევან დაუთაშვილი.
შსს-ს პრესსამსახურის უფროსისი, ზურაბ გვენეტაძის თქმით, ამ ეტაპზე სხვა პირის ბრალეულობის საკითხი არ იკვეთება.
შსს-ს ცნობით, დაკავებულ ლევან დაუთაშვილს უკვე წაუყენეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტოქსიკური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსათვის საშიში სხვა ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას მისი წარმოების, ტრანსპორტირების, განთავსების, შენახვის, ჩამარხვის ან გამოყენების დროს, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს არსებითი დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
თუ ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან ადამიანთა მასობრივი დაავადება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
“საქნავთის” დასახლებაში მდებარე კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები კორპუსების უკან მდებარე სხვა საწარმოზეც მიუთითებენ და ამბობენ, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, აღნიშნულ საწარმოში შესაძლო აფეთქების შედეგადაც, შედეგები უფრო სავალალო იქნება.
