პარლამენტარისა და ნაცონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებიდან 9 დღე გავიდა, თუმცა კვლავ უცნობია, დააკავეს თუ არა ის “იდენტიფიცირებული პირი”, ვის შესახებაც შსს-მ 7 ოქტომბერს განაცხადა. შსს-ში ამ კითხვაზე არ გვპასუხობენ და აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
გივი თარგამაძის ავტომობილი 2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე ააფეთქეს. აფეთქების დროს გივი თარგამაძე ავტომობილში იმყოფებოდა და მსუბუქად დაშავდა.
აფეთქების შედეგად დაშავდა 5 პირი – თარგამაძის მძღოლი და გამვლელები, რომელიც სხვადახვა საავადმყოფოში მოათავსეს. ჯანდაცვის სამინისტროდან ნეტგაზეთს აცნობეს, რომ საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს ყველა მათგანი, გარდა ინგორყვას კლინიკაში მოთავსებული მამაკაცისა.
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იყოფება.
შსს-მ 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა განაცხადება, რომლის თანახმადაც, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმე გახსნილია და სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მათივე განცხადებით, იდენტიფიცირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს.
7 ოქტომბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. დღეს, 13 ოქტომბერს, “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და როგორც კი ექნებათ ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებაც, გამოძიების ინტერესბიდან გამომდნარე, შეეძლებათ, დაგვიკავშირდებიან.





