საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ალმაზბეკ ატამბაევმა პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
მცოცავ ოკუპასციასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშრებით შეკითხვა მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დაუსვა.
“მე ვცდილობ, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას მოლაპარაკების გზით. არ არსებობს ისეთი საკითხი, რომლის გადაჭრა არ შეიძლებლოდეს მოლაპარაკებით. დამერწმუნეთ, მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც გაირა ორი რევოლუცია, 2005 და 2010 წელს. ჩვენ არ ვრეკავდით რუსეთში ან ვაშინგტონში. ჩვენთანაც იყო ადმინისტრაციული შენობების დაპყრობის შემთხვევები. მე არასდროს არ ვრეკავდი, თვითონ მივდიოდი და თვითონ ვჭრიდი ყველა საკითხს. ყველა საკითხი უნდა გადაიჭრას მოლაპარაკების გზით.
კიდევ ერთხელ მინდა ოფიციალურად განვაცხადო, ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რამეთუ ეს არის ფუნდამენტური პრინციპი ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის, ყირგიზეთისთვის. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ არასოდეს არ არის ისე, რომ მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე. მე ვფიქრობ, რომ ალბათ, იყო გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ იყო საკმარისი. ზოგჯერ სიამაყეზე უნდა გეთქვათ უარი და არ უნდა მიგეყვანათ სიტუაცია იმ მდგომარეობამდე, რომელშიც იმყოფებით. ვფიქრობ, ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ, დღესაც, მიმაჩნია, რომ საჭიროა მოლაპარაკების პროცესის დაწყება და მოლაპარაკების გზით გადაიჭრას ეს პრობლემა. სამხედრო გზით ეს პრობლემა არ გადაიჭრება,”- განაცხადა მან.
ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოს 12 ოქტომბერს ეწვია. ვიდრე საქართელოს პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართებოდა, ატამბაევი გაემგზავრა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, ამის შემდეგ კი გაიმართა მარგველაშვილისა და ატამბაევის საუბარი გაფართოებული შემადგენლობით, რასაც მოჰყვა ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია.