ახალი ამბები

გილაურმა შესაძლოა კიდევ ერთი თანამდებობა შეითავსოს

4 ივლისი, 2012 •
გილაურმა შესაძლოა კიდევ ერთი თანამდებობა შეითავსოს

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორი და ინიციატორია საქართველოს მთავრობა, პარლამენტში უკვე შევიდა.

ახალი კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის კოორდინაციისა და საერთო ზედამხედველობის ფუნქცია გადაეცემა სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს.

კერძოდ, საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 3 წევრისაგან, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით.

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.

სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კოორდინაციასა და საერთო ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო; იგივე საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან სააგენტოს დირექტორს

კანონპროექტის შესაბამისად, სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში, ხოლო სააგენტოს მომსახურების საფასური განისაზღვრება სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად.


საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო” არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში.


სს “საპარტნიორო ფონდი” 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია: ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება.


საპარტნიორო ფონდი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.


სწორედ ამ ფონდის ხელმძღვანელობა შეთავაზა 30 ივნისს პრემიერ-მინიტრის პოსტიდან გათავისუფლებულ ნიკა გილაურს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. თუმცა, როგორც ფონდში აცხადებენ, გილაური იქ ამ დრომდე არ გამოჩენილა.


კანონის შესაბამისად, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება რამდენიმე მინისტრისგან და ბანკირისგან და რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები უნდა აისახოს საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაზეც და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა, რომელიც, ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, ასევე გახდება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.


ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კაბინეტი საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს.

ამავე თემაზე:

ნიკა გილაურის გადაწყვეტილება უცნობია

მასალების გადაბეჭდვის წესი