დილიდან სასწრაფო დახმარებას რამდნიმე მოქალაქემ მიმართა. როგორც სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აცხადებენ, ერთ კორპუსში სამი გამოძახებაც კი დაფიქსირდა.
ამ წუთებში ერთ–ერთი მცხოვრები, დაახლოებით 55 წლის ქალბატონი, ინტოქსიკაციის ნიშნებით თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყავთ. მას გულისრევის შეგრძნება და თვალების წვა აწუხებდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახა, ექიმების განცხადებით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანა მაინც დაჭირდა.
საწარმოს მიმდებარე კორპუსებში ქლორის სუნი ამ დრომდე იგრძნობა, რის გამოც მოსახლეობა ჩივის. მათი განცხადებით, მიუხედავად ქლორის სუნისა, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც ამ დრომდე სახლში რჩება, უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია და არც პირბადეები დაურიგებიათ.
დასახებული ტერიტორია საწარმოდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს, საწარმოსა და კორპუსებს ერთმანეთისგან სამანქანო გზა ყოფს, თუმცა ინტოქსიკაციის შემთხვევები ყველაზე მოშორებით მდგარ კორპუსებშიც კი დაფიქსირდა.