ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურმა, ქეთი კვიტატიანმა განუცხადა. მისი თქმით, ხატია დეკანოიძე ამ პოსტზე ეროვნული გამოცდების დასრულებამდე იქნება. გამოცდების დასრულების შემდეგ კი, ჯერჯერობით უცნობია, ვინ გააგრძელებს ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალმა პრემიერ–მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ხატია დეკანოიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე გუშინ წარადგინა.
დეკანოიძე წლების განმავლობაში სახელმწიფო კანცელარიაში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, შსს კადრების სამსახურის უფროსად მუშაობდა.
2008 წლიდან 2012 წლის ივნისამდე დეკანოიძე შსს-ს პოლიციის აკადემიის უფროსად მუშაობდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის პოსტიდან გადაყენების შემდეგ კი მისი ადგილი დაიკავა.