ახალი ამბები

შპს “კრისტალი” წყალმომარაგების კომპანიას თხევადი ქლორით ამარაგებდა

4 ივლისი, 2012 •
შპს “კრისტალი” წყალმომარაგების კომპანიას თხევადი ქლორით ამარაგებდა

შპს “კრიტალი,” რომლის საწარმოს აუზში გუშინ, 3 ივლისს ქლორმა გაჟონა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას თხევადი ქლორით უზრუნველყოფდა. 

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “კრისტალმა” 2012 წლის 24 იანვარს გაიმარჯვა. 

 

“სულ სამჯერ მოგვაწოდა თხევადი ქლორი. ამ ხნის განმავლობაში კომპანიის მიმართ პრეტენზია არ გვქონია, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ “კრისტალთან” ურთიერთობას შევწყვეტთ,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის უფროსი, ჯილდა მაჭავარიანი. 

 

მისივე თქმით, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი კვაშილავა დაიკითხა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

“შპს “კრისტალი” მხოლოდ ჩვენი კომპანიის კონტრაქტორი არ ყოფილა,” -ამბობს მაჭავარიანი. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს, დაახლოებით, 21 საათზე, თბილისში, ლილოს დასახლებაში შპს “კრისტალის” საწარმოში ქლორის გაჟონვის შედეგად დაშავებული ათეულობით ადამიანი ამ დრომდე მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს. 

 

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ყველაზე მძიმეა 18 წლის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მერიის ინფორმაციით, დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს საკუთარ თავზე სახელმწიფო აიღებს. 

 

რამ გამოიწვია საწარმოს ავზში ქლორის გაჟონვა, ჯერჯერობით უცნობია. 

 

“ამას გამოძიება დაადგნენს. თბილისის მერიაზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდა, ჰაერის დაბინძურების რისკები აღარ არის, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა,”- აცხადებენდ დედაქალაქის მერიაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი