ახალი ამბები

,,ქართუ ჯგუფის” ცნობით აქციების გასხვისება შეუძლებელია

3 ივლისი, 2012 •
,,ქართუ ჯგუფის” ცნობით აქციების გასხვისება შეუძლებელია

 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


“სს ,,ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელობა უფლებამოსილია განაცხადოს, რომ გუშინ, საღამოს 18.00 საათზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებული ჯარიმის უზრუნველსაყოფად, საჯარო აუქციონზე გაიტანა სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100 პროცენტი, მათ შორის სს ,,ბანკი ქართუს“ აქციათა სრული პაკეტი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ამ სააქციო საზოგადოებაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ ფლობს არც ერთ ცალ აქციას (!?)


მეორე მხრივ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ იგი საქართველოში არ ფლობს არანაირ ბიზნესს. ეს დასტურდება სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციების ახალი მფლობელების მიერ გამოგზავნილი ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულებებით, რომელთა თანახმადაც, ჯერ კიდევ ა.წ 30 აპრილს თერთმეტმა უცხოურმა კომპანიამ შეიძინა ჯგუფის აქციათა 91,74 პროცენტი; ამასთან, არც ერთი მათგანი არ ფლობს აქციათა 10 პროცენტსა და მეტს, რაც ათავისუფლებთ მათ, როგორც სს ,,ბანკი ქართუს“ ბენეფიციარ მფლობელებს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეძენის ფაქტის წინასწარი შეთანხმების საკანონმდებლო ვალდებულებებისაგან და აბსოლუტურად უსაფუძვლოს ხდის ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადებას გარიგებათა  ბათილობის შესახებ.


სამწუხაროდ, დღემდე ჩვენამდე ვერ მოაღწია უცხოეთიდან ფოსტით უკვე ორჯერ გამოგზავნილმა სადამფუძნებლო დოკუმენტაციამ, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს, რომ სპეციალურად იბლოკება ჩვენთვის ასე აუცილებელი კორესპონდენცია.


ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ გახსნილი საჯარო აუქციონი აშკარა ფარსია, რადგანაც ერთ ლოტად იყიდება სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100 პროცენტი და მათ შორის სს ,,ბანკი ქართუს“ აქციათა მთლიანი პაკეტი, რომლის შემძენსაც აუცილებლად წინასწარ უნდა ჰქონდეს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა, რაც მიუღწეველია ფარული აუქციონის შემთხვევაში. შედეგად, აუქციონზე სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა პაკეტის შემძენი რომც გამოჩნდეს, გარიგება აპრიორი ბათილი იქნება  და ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა – სწორედ ეს არის ხელისუფლების მიზანი და არა თუნდაც უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის თანხის ამოღება.


ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ქონების შეფასების გამოყენებული პრაქტიკაც – მხოლოდ სს ,,ბანკი ქართუს“ აქციის ღირებულების შეფასებას მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული ფირმები მინიმუმ ერთ თვეს მოანდომებდნენ. არსებული შეფასება ბადებს აგრეთვე საფუძვლიან ეჭვს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე დაკისრებული ჯარიმის თანხა უბრალოდ გაორმაგებულია, რათა შემდგომ აუქციონის წესებით შეემცირებინათ ჯარიმის თანხის ოდენობამდე.


სს ,,ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოებს და შეწყვიტოს უცხოეთის მოქალაქეების კუთვნილი ქონებების ექსპროპრიაციის უკანონო პროცესი, შეაჩეროს საჯარო აუქციონი, მისცეს საშუალება დამფუძნებლებს, განახორციელონ ქონების ფლობისა და განკარგვის ლეგიტიმური უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი