ახალი ამბები

EPP მხარს უჭერს ენმ-ის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

12 ოქტომბერი, 2016 • 1185
EPP მხარს უჭერს ენმ-ის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

ევროპის სახალხო პარტია მიესალმება საქართველოში თავისი პარტნიორის, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დაულმა გააკეთა.

“მე დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და პატივს ვცემ იმ პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო. მე ამაყი ვარ, რომ ენმ რჩება რიგით მეორე ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგი”, – განაცხადა ჯოზეფ დაულმა, რომელიც ფიქრობს, რომ ენმ-ს კვლავაც აქვს ისეთი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების რესურსი, რომელიც წარსულში განახორციელა.

მისი თქმით, ენმ-ის სრული მონაწილეობა [საპარლამენტო] პროცესში სწორი გადაწყვეტილებაა დემოკრატიისათვის.

“მხედველობაში ვიღებ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს იმის შესახებ, რომ არჩევნების პირველი ტური ნამდვილად შედგა, თუმცა, ამავე დროს, დამკვირვებლებმა გამოთქვეს შეშფოთება ძალადობრივი ქმედებების, ხმის დათვლის პროცესის დარღვევისა და საარჩევნო თაღლითობის თაობაზე. ნებისმიერი ასეთი დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული, დამრღვევები – დასჯილი, ხოლო ხარვეზები, OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების მიხედვით, აღმოფხვრილი. ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მეორე ტურები, ასევე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან”, – აცხადებს დაული.

მასალების გადაბეჭდვის წესი