ახალი ამბები

ქდმ მხარს არ დაუჭერს მთავრობის ახალ პროგრამასა და შემადგენლობას

3 ივლისი, 2012 •
ქდმ მხარს არ დაუჭერს მთავრობის ახალ პროგრამასა და შემადგენლობას

ფრაქციის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დღეს “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბად ჩამოყალიბდა მერაბიშვილის თამადობით” და ის ორიენტირებულია “ნაციონალების” ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღებაზე.

 

მთავრობის ახალ პროგრამაში ნათქვამია, რომ უმუშევრობა საქართველოს ნომერ პირველი მტერია და ამის გამო ისინი მომდევნო ოთხი წლის განმავლოვბაში 273 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას აპირებენ.

 

“დასაქმების პრობლემის მოგვარების უმოკლესი გზა არის მეწარმეებისთვის მეტი თავისუფლების მიცემა. ქართველი მეწარმე არ უნდა იყოს მუდმივად შეშინებულ მდგომარეობაში ხელისუფლებისგან ზედმეტად გამკაცრებული უსამართლო კონტროლის გამო. ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონი მერაბიშვილისგან ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი. ისინი აპირებენ გააგრძელონ მკაცრი ხაზი და არ გამოიჩინონ ლოიალობა ქართულ ბიზნესთან დაკავშირებით”, – აცხადებს გიორგი თარგამაძე.

 

მისივე თქმით, საქართველოში ქართული ოჯახის კეთილდღეობის ზრდა, რაც ასევე პრიორიტეტულად გამოაცხადა საქართველოს მთავრობამ ახალ პროგრამაში, პირდაპი კავშირშია მაღალი კომუნალური გადასახადების შემცირებასთან:

 

“მათ შორის ელექტროენერგიის ნაგვის გადასახადისგან განცალკევებასთან. ამ საკითხზე მერაბიშვილი გვპასუხობს, რომ მთავრობაში ისინი ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა განწყობები მათი მხრიდან წინასწარ პესიმისტურია, ანუ არ არის ნება, რომ ისინი ამ საკითხს გადახედავენ,” – აცხადებს თარგამაძე.

 

თარგამაძის განცხადებით, წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში ძალიან ბევრი სუსტი წერტილია და ცალკეულ შემთხვევევში არ არის ნათლად განსაზღვრული, თუ როგორ მოხდება აღნიშნული თანხების მობილიზება.

 

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ჯამური ბიუჯეტი 37-38 მილიარდი ლარი იქნება, რაც წელიწადში შეადგენს დაახლოებით 9.5 მილიარდ ლარს. საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი შეადგენს 6 მილიარდ 839 მილიონ ლარს, რაც 2011 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 400 მილიონი ლარით აღემატება მხოლოდ. მერაბიშვილის დაპირების შესრულების შემთხვევაში კი საქართველოს წლიური ბიუჯეტი 3 მილიარდამდე ლარით უნდა გაიზარდოს, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ აკონკრეტებს, რის საფუძველზე მოახერხებს მთავრობა ბიუჯეტის ამდენით ზრდას.

მასალების გადაბეჭდვის წესი