მერაბიშვილის თქმით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მთავრობის მიღწევები ოჯახებში ნაკლებად იგრძნობა.
“პარლამენტში მოსვლამდე მე და ჯანდაცვის მინისტრი ვიმყოფებოდით თბილისის ტიპურ ოჯახში, რომელიც შსს-ს ლამაზი შენობის გვერდით ცხოვრობს. მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგებულია, დაგებულია გზა, არის განათება, თუმცა ეს მონაპოვარი თვითონ ოჯახში ნაკლებად იგრძნობა. იმ ოჯახში ძალიან ცოტა იგრძნობოდა ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. შესაბამისად, ჩვენი დევიზია– მეტი სარგებელი ხალხს, ჩვენ ვალდებულნი ვართ მეტი და მეტი შევიტანოთ ქართულ ოჯახში. ერთადერთი მიღწევა, რაც იმ ოჯახში იგრძნობოდა, ეს იყო პოლისი, რომელიც ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჰქონდა მიღებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
მერაბიშვილის თქმით, თითოეული ციფრი, რაც წარმოდგენილია მთავრობის ახალ პროგრამაში – “მეტი სარგებელი ხალხს” – არის ეკონომიკურად გათვლილი და გამყარებული. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის იძლევა გარანტიას პროგრამაში გაწერილი თითოეული ხარჯის შესაბამისად ხარჯვაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას შეკითხვაზე, თუ რატომ არ ახორციელებდა მთავრობა აქამდე მსგავს პროგრამებს, მერაბიშვილმა უპასუხა:
“ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დროს 250 მილიონი დოლარი იყო ბიუჯეტი და ამის შემდეგ 15-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5-ჯერ გაიზარდა. ის მიღწევები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ორი წლის წინ შეუძლებელი იყო ამაზე საუბარი, თუნდაც იმიტომ, რომ ვიყავით ელექტროენერგიის და სხვა პრობლემების წინაშე, ხოლო დღეს კი ხდება წარმოდგენა სამთავრობო პროგრამის, რომლის ყველა ციფრი არის ეკონომიკურად გათვლილი და გამყარებული.”
დღესვე ვანო მერაბიშვილი სამთავრობო პროგრამას წარუდგენს საპარლამენტო ფრაქციებს – “ქრისტიან-დემოკრატებსა” და “ერთობა-სამართლიანობისთვის”, ასევე – უმრავლესობას. ხოლო 19:00 საათზე ბიუროს შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხვალ უკვე შესაძლებელი იქნება რიგგარეშე სესიის მოწვევა.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ და საკითხის დაჩქარებულმა განხილვამ ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენლის, დიმიტრი ლორთქიფანიძის უკმაყოფილება გამოიწვია:
“რატომ ჩქარობთ? იმდენ ყურადღებას მაინც უნდა იმსახურებდეს ეს პროგრამა, რომ რაღაც პერიოდი მაინც მოგვცეთ იმისთვის, რომ გავეცნოთ, შიგნით რა წერია და შემდეგ დავუპირისპიროთ მათ არგუმენტები. შემოსვლიდან 4 დღე გვაქვს იმისთვის, რომ განვიხილოთ და შემდგომ პლენალურ სხდომაზე კენჭი ვუყაროთ მის მიზანშეწონილობას.”
ლორთქიფანიძის საპასუხოდ ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ რამდენ ხანში განიხილავს წარმოდგენილ პროგრამას:
“4 დღე არის მაქსიმალური ვადა განხილვისთვის. ჩვენ იმიტომ ვჩქარობთ, რომ ხალხს სჭირდება მეტი სარგებელი,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.