ახალი ამბები

მთავრობის ახალი დაპირებები

3 ივლისი, 2012 •
მთავრობის ახალი დაპირებები

“ძლიერი ოჯახი – ძლიერი საქართველოა” – ამ სლოგანის ქვეშ აერთიანებს ხელისუფლება ახალ პროგრამას, რომლითაც თითოეულ ოჯახს ოთხწლიანი 1000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა.

 

მთავრობის ახალ პროგრამაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვაუჩერით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი სურვილის მიხედვით დაფაროს კომუნალური ხარჯები, შეიძინოს სასკოლო სახელმძღვანელოები, მედიკამენტები, მოიმარაგონ საწვავი და სასუქი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის და დაიქირაონ სასოფლო– სამეურნეო ტექნიკა.

 

მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შემდეგი სახის საბიუჯეტო ხარჯების გაწევას გეგმავს:

 

– 6 მილიარდი ლარი – პენსიების დაფინანსებისთვის;

– 3 მილიარდი ლარი – ჯანმრთელობის დაზღვევისთვის;

– 3 მილიარდი ლარი – სოციალური დახმარებისთვის;

– 4 მილიარდი ლარი – სოფლის მხარდაჭერის მიზნით;

– 4 მილიარდი ლარი – განათლების დაფინანსებისთვის.

 

მთავრობის ახალი პროგრამის მიხედვით, 2013 წლიდან საპენსიო პაკეტი, რომლის განუყოფელი ნაწილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა, 100 დოლარის ექვივალენტი გახდება.

 

მთავრობა მიზნად აცხადებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით სარგებლობდეს ყველა ოჯახი. ხელისუფლების მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ჯანდაცვის დაზღვევით ისარგებლებს 2.4 მილიონი მოქალაქე, აქედან სახელმწიფოს მიერ დაზღვეული იქნება 1.9 მილიონი ადამიანი, ხოლო ნახევარი მილიონი კერძო დაზღვევის პოლისს ფლობს.

 

მთავრობის ახალ სამოქმედო პორგრამაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობენ: 5 წლამდე ასაკის ბავშვები, მასწავლებლები, დევნილები, ჯარისკაცები, პოლიციელები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები.

 

“ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნება, ექნება ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი. ეს პაკეტი გათვლილი იქნება იმაზე, რომ უბედურმა შემთხვევამ ანდა მოულოდნელმა მძიმე ავადმყოფობამ ოჯახის გაღატაკება არ გამოიწვიოს,” – ნათქვამია მთავრობის ახალ პროგრამაში. 

 

მთავრობა პირობას დებს, რომ სოციალურ დახმარება გარანტირებულად მიიღებს ყველა ოჯახი, ვინც ამ ტიპის დახმარებას საჭიროებს.

 

“დღეს სახელმწიფო ნახევარ მილიონამდე ადამიანს აძლევს სოციალურ დახმარებას. 2013 წლიდან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს დახმარება კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და მიმართული იქნება ყოველი სოციალურად დაუცველი ადამიანის საჭიროებაზე,” – ნათქვამია მთავრობის პროგრამაში.

 

მთავრობა პრიორიტეტულად აცხადებს სოფლის გაძლიერების პროგრამასაც, რისთვისაც ოთხ წელიწადში 4 მილიარდის, წელიწადში კი მილიარდი ლარის ინვესტიციას აპირებს. მთავრობის დაპირებით, ყველა სოფელს ექნება სათანადო წყალმომარაგება, ყველა სოფელში დასრულდება გაზიფიკაციის პროგრამა, გაკეთდება ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა; დამატებით იქნება შეძენილი 2000 ტრაქტორი, კომბაინი, აგრეგატი; შეიქმნება 500-ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო; დამატებით განხორციელდება 90 ათასი ჰექტრის ირიგაცია; 35 ათას ჰექტარზე გაკეთდება დრენაჟის სისტემა:

 

“საბოლოო ჯამში, ყველა ამ ნაბიჯის შედეგი იქნება ქართული სასოფლო პროდუქციის გაორმაგება, რაც გააძლიერებს ქართულ სოფელს, ქართულ ეკონომიკას და ქართულ სახელმწიფოს,” – ნათქვამია მთავრობის პროგრამაში.

 

მთავრობა პირობას დებს, რომ მოხდება ყველა საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, აშენდება 150 ახალი სკოლა, გაიხსნება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, 300 მომავლის კლასი, ყველა წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნება სტიპენდია, გაორმაგდება უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა რაოდენობა და ა.შ.

 

გარდა ამ პროგრამებისა, საქართველოს ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს ინფრასტრუქტურული პროექტები. მთავრობის დაპირებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, ყველა დასახლებულ პუნქტში იქნება ინტერნეტი, გაგრძელდება ქალაქებისა და სოფლების რეაბილიტაციის პროექტები.

 

საქართველოს ხელისუფლების ოთწლიანი პროგრამის მიხედვით, მთავარი სლოგანებია: მეტი დასაქმება, უკეთესი სოციალური დაცვის სისტემა, ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ძლიერი ქართული სოფელი.

ამავე თემაზე:

როგორ აპირებს მთავრობა ნომერ პირველი მტრის დამარცხებას

მასალების გადაბეჭდვის წესი