ახალი ამბები

როგორ აპირებს მთავრობა ნომერ პირველი მტრის დამარცხებას

3 ივლისი, 2012 •
როგორ აპირებს მთავრობა ნომერ პირველი მტრის დამარცხებას

“უმთავრესი საკითხი საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეთა დასაქმება და უმუშევრობის დაძლევაა. უმუშევრობა ჩვენი საზოგადოების ნომერ პირველი პრობლემაა”, – ნათქვამია მთავრობის ახალ პროგრამაში.

 

მთავრობის განცხადებით, დღეს თითქმის არ არსებობს მონაცემები უმუშევრობის გეოგრაფიის შესახებ, მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც ეძებენ სამუშაოს, მათი კვალიფიკაციის შესახებ. არ არსებობს სისტემატიზირებული მონაცემები, თუ რა კვალიფიკაციის კადრებზე არის მოთხოვნა დამსაქმებელთა მხრიდან.

 

სწორედ ამ პრობლემის მოგვარებასა და გადაჭრას დაავალებს დასაქმების სახელმწიფო მინისტრს მთავრობა. კერძოდ, დასაქმების მინისტრმა უნდა აწარმოოს უმუშევართა და დამსაქმებელთა რეესტრი, რაც, როგორც მთავრობაში მიაჩნიათ, მათ მისცემს საშუალებას, შემოღებული იქნას უმუშევრის და სამსახურის მაძიებლის სამართლებრივი სტატუსი.

 

“ამ ინსტიტუტის შემოღებით შეიქმნება ხიდი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის”, – ნათქვამია მთავრობის პროგრამაში.

 

მთავრობის პროგრამის მიხედვით, უმუშევრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული გადამზადების სისტემის დახვეწა და ეფექტური გამოყენება:

 

“პროფესიული გადამზადების ცენტრებში შესაბამისი კურსის გავლა იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველა მსურველი სახელწმიფოსგან მიიღებს პროფესიული გადამზადების ვაუჩერს, რაც მთლიანად უფასოს გახდის განათლების პროცესს ამ მიმართულებით”.

 

ახალ მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყარო კერძო ბიზნესის ზრდა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაა:

 

“ჩვენი ამოცანაა, ვიზრუნოთ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე და გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს საშუალებას მოგვცემს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები”.

 

მთავრობის ახალი პროგრამის მიხედვით, საქართველოში 273 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას შემდეგი პროგრამების განხორციელებით:

 

– მოზიდული იქნება 4 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ნიშნავს დამატებით დაახლოებით 80 000 ახალ სამუშაო ადგილს;

 

– ტურისტების რაოდენობა გაიზრდება 7 მილიონამდე, რაც ნიშნავს ტურიზმის სექტორში შექმნილ დაახლოებით 140 000 სამუშაო ადგილს;

 

– დაიგება 5000 კმ გზა, რაც ნიშნავს სტაბილურად დასაქმებულ დაახლოებით 40 000 ადამიანს;

 

– გაგრძელდება 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც, ჯამში, შეადგენს 414 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეს, ჯამური წლიური გამომუშავებით 2.1 მილიარდ კვტ/სთ. 2012 წლიდან დაიწყება დამატებით 12 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაახლოებით ჯამური დადგმული სიმძლავრით 1677 მეგავატი, ჯამური წლიური გამომუშავებით 5.4 მილიარდი კვტ/სტ. აღნიშნული პროექტები შექმნის დამატებით დაახლოებით 13 ათას სამუშაო ადგილს.

 

“აღნიშნული ღონიძიებების საერთო მიზანი იქნება, გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ უმუშევრობას და თითოეულ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა ახალი ცოდნით, ახალი კვალიფიკაციით იპოვოს ადგილი უფრო ძლიერ საქართველოში”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ახალ პროგრამაში.

 

საქართველოს ახალ მთავრობას მიაჩნია, რომ დღეს დგება ეტაპი, როცა ქვეყნის წინსვლითა და წარმატებით სარგებელი უნდა ნახოს ყველა ოჯახმა:

 

“სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის მთავრობის პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება – მეტი სარგებელი ხალხს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი