მთავრობის ახალი პროგრამა სახელწოდებით – “უფრო მეტი სარგებელი ხალხს” პარლამენტის ბიუროში უკვე შევიდა. დოკუმენტი შვიდგვერდიანი და იგი დღეს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებში განიხილება.
“დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია დასაქმებაზე, ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობაზე,” – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.
დღესვე პარლამენტში ახალმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა განახლებული მინისტრთა კაბინეტი უნდა წარადგინოს.
წინასწარი ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაასაჯაროვა, მთავრობაში იცვლება ოთხი მინისტრი: თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია შს მინისტრად ინიშნება, ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეცვლის, ხოლო შაშკინის ნაცვლად განათლების მინისტრად ეროვნული გამოცდების ცენტრის უფროსი ხატია დეკანოიძე დაინიშნება. ასევე ცვლილება შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ამ უწყებას კობა სუბელიანის ნაცვლად დალი ხომერიკი უხელმძღვანელებს.