ახალი ამბები

ნუგზარ წიკლაური: არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს

11 ოქტომბერი, 2016 • 1660
ნუგზარ წიკლაური: არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს

თეთრიწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, არჩევნების გაყალბების ხარისხი ისეთია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში მარტო უნდა დატოვოს ის პარტია, რომელმაც ეს არჩევნები გააყალბა.

“სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ნებით თუ უნებლიეთ მივცემთ მათ შესაძლებლობას, რომ რაღაც დემოკრატიულობის ფასადი ჩამოაფარონ იმას, რასაც დემოკრატიასთან და თავისუფალ არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს”- ამბობს წიკლაური.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

“ყველამ კარგად დაინახა, რომ გუშინ ლევან ვარშალომიძემ აჩვენა 25 ათასი გაბათილებული ბიულეტინი. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა მასშტაბურად. დარწმუნებული ვარ, კიდევ ახალი ფაქტები გამოჩნდება, რომელიც ამას დაადასტურებს. ამიტომ მონაწილეობა მეორე ტურში ყოველგვარ აზრს არის მოკლებული და ესეც მოემსახურება იმას, რომ ვითომდა საქართველოში არის თავისუფალი საარჩევნო გარემო, რაც ასე არ არის”.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, აქციების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა.

“დღეს საქართველოს პარლამენტი არის არა მხოლოდ ერთპარტიული, არამედ არის ერთპიროვნული – ერთი ადამიანი წარმოადგენს ვითომცდა მთელ საზოგადოებას. ის [ბიძინა ივანიშვილი] უნდა დარჩეს მარტო, როგორც ჩრდილოეთ კორეაში რეჟიმები, როგორც ჩინეთის რეჟიმები, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი; ისინი უნდა იყვნენ მარტო იმიტომ, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის პარლამენტში წარმოდგენილი რეალურად. ეს არის სურათი, რაც ქვეყანაში შეიქმნა – ისინი მოიპოვებენ ისეთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომ არავისთან არ ექნებათ არანაირი კონსულტაცია. პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რასაც უკვე ახმოვნებენ, ზუსტად ამაზე მეტყველებს”,- ამბობს წიკლაური.

საქართველოში არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს პირველადი შედეგებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმების 27. 11% მიიღო. 50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 45-ში კონკურენტები “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები არიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. შევლენ თუ არა პარლამენტში პროპორციული სიით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში, ეს დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი