აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ აგრძელებს სააღსრულებო წარმოებას ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით და აუქციონზე გამოაქვს “ქართუ ჯგუფის” აქციების 100% და პროგრეს ბანკის აქციების 21.7%, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობს.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც აღსრულების ბიურომ გაავრცელა:
“აღსრულების ეროვნული ბიურო აგრძელებს სააღსრულებო წარმოებას ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული #4/ა-131-12 და #4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დღეს, 2012 წლის 2 ივლისს, გამოცხადდა აუქციონი (www.eauction.ge) ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს ,,ქართუ ჯგუფში” და აქციების 21.7%-ზე სს „პროგრეს ბანკში”.
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ზემოაღნიშნული აქციების შეფასება, აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განახორციელა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.
ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს ,,ქართუ ჯგუფში” ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იქნა 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში” – 3 566 498 ლარად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად, სს ,,ქართუ ჯგუფში” ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში” კუთვნილი აქციების 21.7%–ის საწყისი ფასი – 1 783 249 ლარი.
ასევე გაცნობებთ, რომ მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, წყდება აუქციონის მიმდინარეობა და იხსნება ქონებაზე დადებული ყადაღა.”