ახალი ამბები

საბიუჯეტო ცვლილებები დასაქმების საკითხში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაქმნელად

2 ივლისი, 2012 •
საბიუჯეტო ცვლილებები დასაქმების საკითხში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაქმნელად

დღევანდელი ბიუროს სხდომის ძირითადი საკითხები საბიუჯეტო ცვლილებების დარეგისტრირებას შეეხო, პარლამენტის თავმჯდომარის, ბაქრაძის განცხადებით, ეს ტექნიკური ცვლილებაა, ვინაიდან ახალი მთავრობის კაბინეტში შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დასაქმების საკითხებში:

 

“ამ ცვლილებებს, ბუნებრივია, სჭირდება აპარატი, დაფინანსება მუშაობისა და ფუნქციონირებისათვის და სწორედ ეს ტექნიკური ცვლილებაა სახელმწიფო ბიუჯეტში. არანაირად ეკონომიკურ პარამეტრებზე მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე არაფერი შეცვლილი არ არის, არის უბრალოდ დამატებული მინისტრის აპარატის ფუნქციონირების ხაჯი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რა ხარჯებზე და ხარჯთა ნაწილში რა სახის ცვლილებაზეა საუბარი, ბაქრაძემ უპასუხა:

“ბუნებრივია, ხარჯებში არსებობს ცვლილება და ეს ახალი მინისტრის აპარატის შექმნას უკავშირდება, რამდენი და როგორ, თუ ამის ინტერესი გაქვთ, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე მზად იქნება, ხვალ მობრძანდეს და დეტალები თქვენთან ერთად განიხილოს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, მთავრობის პროგრამა დღის ბოლომდე შევა პარლამენტში, ხოლო ხვალ, დღის პირველ ნახევარში ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, შემდგომ კი მოკლე ვადაში მოხდება მისი პლენარულ სხდომაზე გატანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი