ახალი ამბები

“ქართული ოცნების” წევრი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან დაითხოვეს

29 ივნისი, 2012 •
“ქართული ოცნების” წევრი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან დაითხოვეს

დავით საგანელიძის გათავისუფლებას აღნიშნული პოსტიდან საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 33 -ივე დეპუტატმა მხარი დაუჭირა. ოპოზიციაში მყოფმა დეპუტატებმა კი პროტესტის ნიშნად კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვეს. 

 

თავად დავით საგანელიძე და სხვა ოპოზიციაში მყოფი დეპუტატები ამ გადაწყვეტილებას ერთი თვის წინ  კოალიცია “ქართულ ოცნებაში” საგანელიძის გაწევრიანებას უკავშირებენ. 

 

“ამ ერთი თვის მანძილზე საკრებულოს სხდომა არ ყოფილა, თორემ აქამდე გამათავისუფლებდნენ. ამის გამო კი რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავდნენ,”- განაცხადა საგანელიძემ.

 

კენჭისყრამდე საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა დეპუტატებმა არაერთხელ დასვეს კითხვა, რატომ ათავისუფლებენ საგანელიძეს პოსტიდან.  

 

კენჭისყრამდე საგანელიძემ სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლის შესახებ განცხადება აჩვენა დეპუტატებს და თქვა, რომ ურჩევნია საკუთარი ნებით დატოვოს პოსტი, ვიდრე დეპუტატები მის წინააღმდეგ ხმის მიცემით “უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა მიერ.” 

 

თუმცა, პროცედურის დაცვის მოტივით, მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს და კენჭისყრა მაინც ჩატარდა. 

 

საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ სამადაშვილმა საგანელიძის თანამდებობიდან გათავისუფლება იმით ახსნა, რომ საგანელიძემ საკრებულოს წევრთა ნდობა ვერ გაამართლა. 

 

აღნიშნული პოსტიდან მისი გათავისუფლების მიზეზები სამადაშვილმა წინასწარ დაწერილ ტექსტში დაასახელა. 

 

“გარწმუნებთ, ეს ტექსტი ჩემია და არა ვინმეს ნაკარნახევი,”- განაცხადა სამადაშვილმა.

 

სამადაშვილის განაცხადით, საგანელიძემ დეპუტატთა ნდობა არ გაამართლა, უკანასკნელ პერიოდში მის ლექსიკაში სალანძღავი სიტყვები ჭარბობდა და დეპუტატი სხვების მიმართ დესტრუქციული იყო. 

 

სამადაშვილის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა დავით საგანელიძისთვის. 

 

“რომელიმე თქვენგანმა დამისახელოს, როდის მოუსმენიათ ჩემგან სალანძღავი ფრაზები. საკუთარ თავს ამის უფლებას არასდროს ვაძლევ.” 

 

ის, რომ საგანელიძის დათხოვნა მის “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას უკავშირდება, ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემაც, საკრებულოს ოპოზიციურმა დეპუტატმა მედიასთან განაცხადა.

 

“საკრებულოში პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყო,”- განაცხადა აბაშიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი