ახალი ამბები

თბილისის მერიას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

29 ივნისი, 2012 •
თბილისის მერიას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

“ჩვენ გვაქვს შეკითხვა ქალაქის მთავრობასთან და პირადად ქალაქის მერთან, არის თუ არა კანონდარღვევა, როდესაც კოჯორში ვაჟა ფშაველას და ტაბიძის ქუჩებს, წყნეთში ჩოლოყაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩებს, ნუცუბიძის მეორე და პირველი მიკრორაიონების დამაკავშირებელ გზას, ხარაბაძის, მიქელაძის, ზალდასტანიშვილის ქუჩებს ორი წელია ვაშენებთ? 2011 წელს აღნიშნული ქუჩების გზის საფარისთვის გამოყოფილი თანხები გაიფლანგა,”- აცხადებს სამუშია.

 

მისივე განმარტებით, დედაქალაქის ბიუჯეტში შედის ცვლილება, რომლის შესაბამისად, ბიუჯეტიდან 26 მილიონი ლარი სხვა საჭიროებებისკენ იქნება მიმართული.

 

“ბიუჯეტში ეს ფული აკლდება სხვადასხვა სოციალურ პროგრამას, ავარიული სახლებს, “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” პროექტს და მიემართება ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის ყულაბაში და იმ ღონიძიებებს მოხმარდება, რომელიც წინასაარჩევნოდ აწყობთ”- ამბობს სამუშია. 

 

საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული თანხები ძირითადად საცხოვრებელი სახლების ეზოების მოპირკეთებას და გამწვანებით სამუშაოებს მოხმარდება. 

 

ჯაბა სამუშიას ბრალდებას დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, თამაზ შოშიაშვილი არადეკვატურს და წინასაარჩევნოდ პოპულისტურს უწოდებს. 

 

უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ იმ ქუჩების გზის საფარის მოპირკეთებამ, რომელიც სამუშიამ დაასახელა, 2012 წლისთვის გადაიწია, აღნიშნული თანხები კი სხვა საჭიროებებს მოხმარდა. 

 

რაც შეეხება ბიუჯეტიდან 26 მილიონის სხვა მიმართულებებით გადანაწილებას, შოშიაშვილის განაცხადით, ეს სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია. 

 

“მაგალითად, 2012 წლის სექტემბრიდან საპენსიო ასაკის მოქალაქეებსა და 5 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობას სახელმწიფო დააზღვევს, ამიტომაც დედაქალაქის ჯანდაცვის პროგრამების ფული გამოგვითავისუფლდა და რაიონულ გამგეობებში უფასო სასადილოებისთვის და დაზარალებული მოსახლეობის ქირით გაყვანის მიზნით მოხდა მისი გადატანა,”- აცხადებს საკრებულოს უმრავლესობის წევრი.

 

ასევე, აღნიშნულ ცვლილებები, მისი თქმით, იმანაც განაპირობა, რომ “ძველი თბილისის ახალი სოცოცხლის პროგრამის ფაგრლებში” რამდენიმე პროექტის დასრულების ვადებმა 2013 წლისთვის გადაიწია. 

 

დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა საკრებულოში დღეს იგეგმება. როგორც ჯაბა სამუშია ამბობს, ქრისტიან-დემოკრატები პროექტს მხარს არ დაუჭერენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი