აშშ-ის მთავრობა ამერიკულ ორგანიზაციებს- საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა(IRI) და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს(NDI) დააფინანსებს და მათთვის გამოყოფილი თანხა ორ მილიონ დოლარს მიუახლოვდება:
”აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას და საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას”, – განაცხადა ჯონ ბასმა.
დღევანდელ პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ IRI-ის და NDI-ის ხელმძღვანელები.
IRI -ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ანდრია კირბსის განცხადებით, IRI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 18 ივლისს ჩამოვლენ, ხოლო 21-ში მოხდება მათი რეგიონებში განაწილება, კერძოდ, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში:
”გრძელვადიანი დამკვირვებლები მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ და მომზადებული დახვდებიან იმ მოკლევადიან დამკვირვებლებს, რომლებიც საქართველოში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ. ჩვენ ველით 24-26 მოკლევადიან დამკვირვებელს, ისინი წარმოდგენილი იქნებიან ქვეყნის მასშტაბით, ჩამოთვლილ რეგიონებში, ხოლო ათეული ჯგუფი კი განაწილებული იქნება გორში”, – განაცხადა კირბსმა.
საქართველოში ასევე ჩამოდის NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიაც.
NDI-ის პრეზიდენტის კენედ უოლეკის განცხადებით, ის იმ მისიის წარმომადგენელია, რომელიც საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა:
”ჩვენთან ერთად არის ლუის ნავარო NDI-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში პერ ეკლუნდიც ამ მისიის წევრია. ასევე, ყოფილი კონგრესმენი სენ გიდელსენი, რომელიც საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მუშაობდა 2008 წელს. ჯგუფის წევრია ასევე რობინ კარნეხენი, რომელიც გახლავთ მისურის შტაბის მდივანი და იქ უწევს კოორდინირებას მოსახლეობის იმ რაოდენობას, როგორიც დაახლოებით საქართველოშია. ამას მოჰყვება ივლისის თვეში ჩვენი ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა. მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ინსტიტუტი იმოქმედებს იმ პრინციპების თანახმად, რომელიც მიღებულია სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. ეს ინიციატივა გახლავთ გაეროს მიერ 2005 წელს ინიცირებული და აღიარებული დაახლოებით 40-მდე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ჩვენ ვმოქმედებთ მიუკერძოებლობის პრინციპით”, – განაცხადა კენედ უოლეკმა.