ნეტგაზეთი | შიდა ქართლში “ნაციონალებისა” და “ქართული ოცნების” აქტივისტები გაასამართლეს შიდა ქართლში “ნაციონალებისა” და “ქართული ოცნების” აქტივისტები გაასამართლეს – Netgazeti

შიდა ქართლში “ნაციონალებისა” და “ქართული ოცნების” აქტივისტები გაასამართლეს

მერეთში 26 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამო შსს-ს მიერ დაკავებულების სასამართლო პროცესი წუხელ, ღამის 3 საათზე დასრულდა. სასამართლომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს– დავით ბზიშვილს, ალექსანდრე კიკოლაშვილს და ხელისუფლების მხარდამჭერებს – ლაშა ჭიღლაძეს და ალექსანდრე ოდიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები მოსამართლე დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რადგან, მათი აზრით, წარმოდგენილი ვიდეომასალა არ ადასტურებდა მათი მომხრეების ჩხუბში მონაწილეობას. კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ პროვოკაციის და ჩხუბის მომწყობი პირები დაუსჯელები არიან. მისი აზრით, შედარებით მსუბუქი სასჯელი მოსამართლემ იმის გამო გამოიტანა, რომ საქმეში “ნაციონალებიც” ფიგურირებდნენ. 

 

მერეთის ინციდენტში ხელისუფლების და “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეების მონაწილეობა გუშინ საღამოს საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9″–ისთვის მიცემულ კომენტარში შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმაც აღიარა.

გუშინ სამართალდამცავებმა “ქართული ოცნების” კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს.

 

სოფელ დოესში სარწყავი წყლის მოთხოვნით გამოსულ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერებთან შელაპარაკება მოუვიდათ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს მიაყენეს. ამის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კასპის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ და გიორგი ოხანაშვილებს 45 და 35-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

 

დოესის და მერეთის ინციდენტის მონაწილე პირებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ორივე საქმეზე მოსამართლეებმა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანეს, რომლებსაც აუცილებლად გაასაჩივრებენ.

 

გუშინ მერეთიდან წასულ “ქართული ოცნების” ლიდერებს – ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ალასანიას ქარელის რაიონის სოფელ დირბში ელოდებოდნენ, მაგრამ დილიდანვე ამ სოფელში ქარელიდან და სხვადასხვა სოფლებიდან ჩაყვანილი ხელისუფლების მომხრეები გამოჩნდნენ და ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებთან ჩხუბი დაიწყეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ სააგენტო “ინფო 9″–ის გადამღებ ჯგუფსაც. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ჩხუბი სოფელში ჩასულმა გაურკვეველმა პირებმა დაიწყეს. 

 

დირბის ინციდენტში ადგილობრივი ტაძრის მოძღვარი იოანეც ჩაერთო, რომელიც ჩასულებს სოფლის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

დირბში დაწყებული დაპირისპირების გამო კოალიციის ლიდერები სოფელში აღარ ჩასულან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge