ახალი ამბები

ჟვანიას თქმით, მარნეულის უბნის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს

8 ოქტომბერი, 2016 •
ჟვანიას თქმით, მარნეულის უბნის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მარნეულში, #48 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი შეჩერებულია, თუმცა ჟვანია განმარტავს, რომ საარჩევნო ყუთის მთლიანობა არ დარღვეულა და მისი შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს:

“ყუთს იცავდნენ კომისიის წევრები, შიგნით იყო ცესკოს წარმომადგენელი, ასევე დამკვირვებლებიც, და ყველა ადასტურებს, რომ ყუთი აბსოლუტურად დაცულია, ლუქის მთლიანობები დარღვეული არაა, ყუთის გადაადგილება მოხდა დაცულობის მიზნით და ამ კონკრეტულ შემთხვვვაში იქ არსებულ ბიულეტენებს არანაირი საფრთხე არ შექმნია. პროცედურულად ახლა კენჭისყრა შეჩერებულია და მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომ არჩევნებში არსებობს სამართლებრივი ფორმები და ყველა ადამიანი უნდა დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში”,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, როდესაც ლუქის მთლიანობა დარღვეული არაა, ყუთის ბათილობის საფუძველი არ არსებობს, თუმცა:

“კანონში არსებობს სხვა საფუძვლები, სამართლებრივი გზებით, ალბათ, დაფიქსირებული იქნება საჩივრები. ჩვენ განვიხილავთ ამ საჩივრებს და კანონის შესაბამისად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე ყუთი დაცულია, მთლიანობა არ არის დარღვეული, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი ან კენჭისყრის პროცესს შეეშალოს ხელი, ან ხმის დათვლის პროცესი არ გაგრძელდეს”,- განაცხადა ჟვანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი