ახალი ამბები

სააკაშვილი: “ჩვენ ამ ტაძარს მივიყვანთ ბოლომდე”

26 ივნისი, 2012 •
სააკაშვილი: “ჩვენ ამ ტაძარს მივიყვანთ ბოლომდე”

თურქეთის დედაქალაქში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 26 ივნისს, ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბაგრატის ტაძარს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საფრთხე აღარ ემუქრება და მისი აღდგენის სამუშაოები აუცილებლად დასრულდება. 

 

“ვნებათაღელვა გამოიწვია ბაგრატის მშენებლობასთან დაკავშირებულმა საკითხმა, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაგრატის ტაძარი აღდგეს. ამას თითოეული ქუთაისელი ემხრობა, ეს მნიშვნელოვანია იმერეთისთვის, თითოეული იმერელი ამ იდეის უკან დგას. ეს ერთმნიშვნელოვანია საქართველოსთვის იმიტომ, რომ ბაგრატი არის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო.

 

ჩვენ გვჭირდება არა ნანგრევები, არამედ გვჭირდება მოქმედი ტაძარი, სადაც შესაძლებელი იქნება წირვა-ლოცვა და რომელიც ასევე საქართველოს აღორძინებისა და აღმშენებლობის განსახიერება იქნება. 

 

ჩვენ ამ მიზნისთვის ვიქირავეთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რესტავრატორი იტალიიდან. მან ყველა წესის დაცვით მოამზადა ძალიან მაგარი პროექტი ამ ტაძრის აღსადგენად და პრაქტიკულად ტაძრის მშენებლობა დღეს დამთავრებულია. პატარა დეტალები, რომელიც დარჩა, ჩვენ მათ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ყველა იმ შენიშვნის გათვალისწინებით, რომელიც საპატრიაქროს ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველასთან გვექნება აზრთა შეჯერება, პრაქტიკულად უკვე ყველაფერზე შევთანხმდით. ახლა ბოლო ბიუროკრატიული დაბრკოლებაც დღის წესრიგიდან მოხსნილია,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი