ახალი ამბები

პოლიციელები საარჩევნო უბნებთან გლდანის საარჩევნო ოლქში [video]

8 ოქტომბერი, 2016 • 1355
პოლიციელები საარჩევნო უბნებთან გლდანის საარჩევნო ოლქში [video]

გლდანის #21 ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან იმყოფებიან პოლიციელები.

#216 საბავშვო ბაღის ეზოში, სადაც განთავსებულია #35, #36,#37 და #38 საარჩევნო უბნები, შავ “ფოლკსვაგენში” [სანომრე ნიშნებით CC614QQ] მსხდომმა პოლიციელებმა “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ისინი არავის გამოუძახებია, თუმცა ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად არიან მოვლენილი და სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ.

პოლიციელებმა არც სხვა კითხვებს უპასუხეს და არც საკუთარი ვინაობის გამხელა ისურვეს.

დილის 11 საათისთვის პოლიციელი იმყოფებოდა #57, #58, #59 და #60 საარჩევნო უბნების ეზოებშიც. ასევე ორი პოლიციელი იმყოფება გლდანის #50 საარჩევნო უბნის ეზოში. ისინი იმყოფებიან ლურჯ, რენოს ფირმის მსუბუქ ავტომანქანაში, სანომრე ნიშნებით LI100ZA.  მათ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ შს მინისტრის 512-ე ბრძანების მიხედვით და ყველა შეკითხვით შს სამინისტროს პრესსამსახურს უნდა მივმართოთ.

მსგავსად კოლეგებისა, არც მათ მოუციათ ინფორმაცია თავიანთი ვინაობის თუ განყოფილების ნომრის შესახებ. როგორც #50 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ უთხრა ნეტგაზეთს, პოლიცია მას არ გამოუძახებია და არც ინფორმაციას ფლობს იმის შესახებ, თუ ვისი დავალებით ან გამოძახებით იმყოფებიან ისინი ადგილზე.

ნეტგაზეთის რეპორტიორთან საუბრის შემდეგ პოლიციელებმა რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელეს და მანქანა ადგილიდან რამდენიმე წუთში დაძრეს. თუმცა მაშინვე უკან მდგომ ავტომანქანას მსუბუქად დაეჯახნენ, რის გამოც შეჩერდნენ. ადგილზე მალევე გამოჩნდა კიდევ ერთი ავტომანქანა, რომლიდანაც ორი მამაკაცი გადმოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარწერიანი მაისურებით. ისინი პოლიციელებს ორიოდ წუთით გაესაუბრნენ და მალევე დატოვეს ტერიტორია. ხოლო ლურჯ “რენოში” მსხდომი პოლიციელები ადგილზე დარჩნენ.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვას, მე-7 პუნქტში ვკითხულობთ: “გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისათვის, ან დაცვისათვის. ასეთ შემთხვევაში აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორია”.

#50 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მერაბ კიკნაველიძე ამბობს, რომ ამ დრომდე არავითარ ექსცესს არ ჰქონია ადგილი და არც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხე არ დამდგარა.

პოლიციელები გლდანში, საარჩევნო უბნებთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ირმა დიმიტრაძე

პოლიციელები გლდანში, საარჩევნო უბნებთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ირმა დიმიტრაძე

პოლიციელები გლდანში, საარჩევნო უბნებთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ირმა დიმიტრაძე

პოლიციელები გლდანში, საარჩევნო უბნებთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ირმა დიმიტრაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი