ახალი ამბები

დავით ბაქრაძე მერეთის ინციდენტს გამოეხმაურა

26 ივნისი, 2012 •
დავით ბაქრაძე მერეთის ინციდენტს გამოეხმაურა

“ეს სოფელი განლაგებულია ძალიან ახლოს საოკუპაციო ზოლთან, ამიტომ კარგად მესმის, რამდენად მძიმეა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან ისეთი სიტყვების მოსმენა, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ოკუპაცია, რომელიც ხდება მათ მშობლიურ სახლებში, არის საქართველოს ბრალი. მე მესმის, რომ ამ ადამიანებისთვის ასეთი ბრალდებები ასოცირდება კრემლის პოლიტიკის გაგრძელებასთან და საქართველოში ოკუპანტის ინტერესების დაცვასთან. მე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ დემოკრატია გულისხმობს ნებისმიერი აზრისა და პოზიციის თავისუფლად გამოხატვას, სულ ერთია, მიუღებელია თუ მისაღები ეს აზრი,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

 

ბაქრაძემ აქვე მოუწოდა საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერს, რომ თავი აარიდონ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავს ინციდენტებს, ოქტომბერში კი არჩევნების გზით გაიმარჯვებს პარტია, რომელიც ხალხისთვის მისაღებია. 

 

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია, მხარდამჭერებთან ერთად, სოფელ მერეთში დღეს მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაისმა შეძახილები – „რუსეთის აგენტო, წადი!”

 

კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა გამოიწვიეს. მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტად აქტიურობდა გორის სამაშველო სამსახურის უფროსი კახა ლომიძე, რომელსაც მთელი სამსახური მერეთში ჰყავდა მობილიზებული.

 

“ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან ჩაიშალა, რადგან პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ირაკლი ალასანიამ და ბიძინა ივანიშვილმა მერეთი დატოვეს.

 

“ნაციონალური მოძრაობის” გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ჩინჩილაკაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ამ ინციდენტთან “ნაციონალურ მოძრაობას” კავშირი არა აქვს. ჩინჩილაკაშვილი მომხდარ ინციდენტს გმობს და აცხადებს, რომ ყველა პარტიას მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება უნდა მიეცეს. 

აღსანიშნავია, რომ სოფელი მერეთი ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს, სოფლიდან დაახლოებით 200 მეტრში რუსული საგუშაგო მდებარეობს. 

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი