ამ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა ამ სტრატეგიული მიმართულებისათვის ერთიანი სტრატეგიული ჩარჩო და განხორციელების მასშტაბური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
“ადამიანის უფლებები არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ის ქვაკუთხედი, რომელსაც ემყარება ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით. ამ ყოვლისმომცველი პაკეტით ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტურობა და ხილვადობა. სტრატეგიული ჩარჩოს და სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში განხორციელებისათვის ჩემ მიერ შეთავაზებულ იქნა, დაინიშნოს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და მე მოველი, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნა სწრაფად მოხდება”, – განაცხადა პაკეტის მიღებისას კეტრინ ეშტონმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
სტრატეგიული ჩარჩო განსაზღვრავს პრინციპებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც შექმნილია მომდევნო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის მთელი პოლიტიკის ეფექტურობისა და თანმიმდევრულობის გასაუმჯობებლად. ისინი უზრუნველყოფენ შეთანხმებულ საფუძველს, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტები.
სტრატეგიული ჩარჩო ასევე ამყარებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ნამდვილი პარტნიორობის ვალდებულებას.
სტრატეგიული ჩარჩო ეფუძნება ერთობლივ კომიუნიკეს სახელწოდებით “ადამიანის უფლებები და დემოკრატია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ცენტრში – უფრო ეფექტური მიდგომის მიმართულებით”, რომელიც ევროკომისიამ 2011 წ. 12 დეკემბერს მიიღო კეტრინ ეშტონის წინადადების საფუძველზე. თავის მხრივ ეს იყო შედეგი კონსულტაციების ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც ჯერ კიდევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 2010 წლის მარტში კორდობაში, არაფორმალურ შეხვედრაზე დაიწყო.
ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის სამოქმედო გეგმა აერთიანებს 97 ქმედებას 36 ძირითადი მიმართულებით, რომლებიც ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის მიერ ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელებული კონსულტაციების საფუძველზე ჩატარდა და ისინი ერთობლივად არიან პასუხისმგებელნი მის განხორციელებაზე. არაფორმალური კონსულტაციები ასევე გაიმართა ევროპარლამენტის დეპუტატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სამოქმედო გეგმა მოიცავს პერიოდს 2014 წლის 31 დეკემბრამდე.
სამოქმედო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომ ევროკავშირმა უნდა წარმოადგინოს მისი განხორციელების მიმართულებით მიღწეული წინსვლა ყოველწლიურ მოხსენებაში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვის შესახებ. ამან საშუალება უნდა მისცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას, შეაფასოს ევროკავშირის ქმედებების შედეგი და ხელი შეუწყოს სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრას.