ახალი ამბები

ჩხუბი ივანიშვილისა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის

26 ივნისი, 2012 • 1694
ჩხუბი ივანიშვილისა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია მხარდამჭერებთან ერთად სოფელში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაისმა შეძახილები – „რუსეთის აგენტო, წადი!” 

 

კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა გამოიწვიეს. მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტად აქტიურობდა გორის სამაშველო სამსახურის უფროსი კახა ლომიძე, რომელსაც მთელი სამსახური მერეთში ჰყავდა მობილიზებული.

 

გარდა ამისა, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებას მხარდამჭერი სპორტსმენები მეზობელი სოფლებიდანაც ჰყავდა მოყვანილი, რომლებიც ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდნენ და ქალებს და ახალგაზრდებს ურტყამდნენ. კოალიციის წარმომადგენელის სოსო ვახტანგაშვილის თქმით, უკვე დროა, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

ჩხუბში და შეხლა-შემოხლაში ჟურნალისტებიც დაზარალდნენ. ტელეკომპანია “მე–9 არხის” ჟურნალისტის ნოდარ სხირტლაძის თქმით, მას და მის ოპერატორს აგრესიულად ექცეოდნენ და ხელს ურტყამდნენ.

 

“ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან ჩაიშალა, რადგან პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ირაკლი ალასანიამ და ბიძინა ივანიშვილმა მერეთი დატოვეს.

 

“ნაციონალური მოძრაობის” გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ჩინჩილაკაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ამ ინციდენტთან “ნაციონალურ მოძრაობას” კავშირი არა აქვს. ჩინჩილაკაშვილი მომხდარ ინციდენტს გმობს და აცხადებს, რომ ყველა პარტიას მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება უნდა მიეცეს.

აღსანიშნავია, რომ სოფელი მერეთი ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს, სოფლიდან დაახლოებით 200 მეტრში რუსული საგუშაგო მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ქართული პოლიცია მუდმივად პატრულირებს, ინციდენტის ადგილზე დღეს არ გამოჩენილან. ეს სოფელი კიდევ იმით გახდა ცნობილი, რომ ცოტა ხნის წინ იქ ირაკლი ალასანიას მომხრე სამი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი