ახალი ამბები

ვის უპირებენ ლაზიკაში გადასახლებას

25 ივნისი, 2012 • 3725
ვის უპირებენ ლაზიკაში გადასახლებას

“ხეთაგურის მოადგილე იყო ჩამოსული. გვითხრა, აქ ჩვენ ვაკეთებთ ჰესსო, ხალხი უარს ამბობს. თქვენ გადაგასახლებთ ფოთში, ანაკლიაში, ლაზიკაში და ქუთაისშიო. არავის არ უნდა წასვლა. მე ჩემი სოფელი ყველაფერს მირჩევნია,” – ამბობს სოფელ მექვენას მკვიდრი გიული ბანძელაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი ყაველაშვილი დაახლოებით ორი კვირის წინ იმყოფებოდა სოფელ მექვენაში და  ადგილობრივ მოსახლეობას ალტერნატიულ ფართებზე ესაუბრა.

სოფელი მექვენა ერთ–ერთია იმ 14 სოფლიდან, რომლებსაც ნამახვანის ჰესების კასკადი დააზიანებს. ნამახვანის კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში მითითებულია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ამ სოფლების დატბორვის შედეგად დაზიანდება 213 საცხოვრებელი სახლი, რის გამოც 790 ადამიანის გასახლება იქნება აუცილებელი.

70 წლის მაგული ბანძელაძე მეუღლესთან ერთად სოფელ მექვენაში ცხოვრობს. ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მას სოფლიდან გასახლება ემუქრება.

“სად უნდა წავიდე აწი მე და სად უნდა დავიწყო ხელახლა ცხოვრება? როცა გამახსენდება, რომ შვილის საფლავი უნდა გამითხარონ, ცუდად ვხდები. ძალიან გთხოვთ, მიიტანეთ პრეზიდენტის ყურამდე ჩვენი გაჭირვება: დამეხმაროს, ნუ გამამწარებს, ნუ მომიკლავს ჩემს შვილს ხელმეორედ”, – ამბობს მაგული ბანძელაძე.

“100 ლარი მაქვს პენსია, მეტი შემოსავალი არ გამაჩნია. რომ წავიდე ქალაქში, მერე რა იქნება? როგორ ვირჩინო თავი? აქ ვენახი მაქვს, ყანა, ხილი, რომლითაც ვირჩენ თავს”, – ამბობს ვენედი ბანძელაძე.

მექვენას თემის რწმუნებული დავით ჭუმბაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, დაიწყება თუ არა ჰესის მშენებლობა. მისი თქმით, ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მექვენას თემის სამი სოფელი დაიტბორება: ვანისჭალა, ონჭეიში და მოლეკურა:

“საუბარი ჰესის მშენებლობაზე ათეული წლებია მიმდინარეობს. სამინისტროდან იყო ხალხი, არის აჟიოტაჟი, მაგრამ სრული ინფორმაცია არ გაგვაჩნია, ნამდვილად იწყება თუ არა მშენებლობა,” – აცხადებს დავით ჭუმბაშვილი.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში 7 სოფელში დაიტბორება დასახლებული ადგილები და ადგილობრივ მოსახლეობას იქაურობის დატოვება მოუწევს. 4 სოფელში კი საფრთხე დასახლებულ ადგილებს არ ემუქრება, მაგრამ წყალი მიწების დიდი ნაწილს დაფარავს. მათ შორისაა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი დერჩი.

“ისედაც დამეწყრილი ზონაა ჩვენი სოფელი და კიდევ ამხელა ჰესი და ტბა რომ შემოუდგება, კარგს რომ არაფერს მოიტანს, ეს ყველასთვის ცხადია,” – ამბობს დერჩის მკვიდრი გიორგი სართანია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში არიან და არ იციან, რა საფრთხე ემუქრებათ ჰესის მშენებლობის გამო. სოფელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიტბორება სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზა, თუმცა რა ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს ხელისუფლება ამ გზის სანაცვლოდ, დერჩელებმა არ იციან.

“არაფერი ვიცით ხალხმა, ჩვენთან არავინ მოსულა და არ გაუცნიათ ეს პროექტი. შეიძლება ნავებით გვიპირებენ სოფელში შემოსვლას,” – ამბობს მალხაზ ბანძელაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

სოფელ დერჩის მკვიდრი დავით ასათიანი აცხადებს, რომ ჰესის მშენებლობის შედეგად ნესტი დერჩის ნათლისმცემლის ეკლესიის უძველეს ფრესკებს დააზიანებს, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა.

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ითვალისწინებს კასკადის მშენებლობას ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, არსებული ლაჯანურისა და გუმათის ჰესებს შორის რიონის დაბლობზე. კასკადის დადგმული სიმძლავრე 450 მეგავატი იქნება. იგი გააერთიანებს 100–მეგავატიან ”ტვიშიჰესს”, 250– მეგავატიან ”ნამახვანჰესს” და 100–მეგავატიან ”ჟონეთიჰესს”. კასკადმა წლიურად უნდა გამოიმუშაოს 1.5 მილიარდი კვ/სთ ელექტროენერგია.

ლეჩხუმის ტერიტორიაზე ჰესის აშენების მიზნით კვლევითი სამუშაოები თავდაპირველად გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. პროექტის განხორციელების მცდელობას ჰქონდა ადგილი 1970-იან წლებში, თუმცა სპეციალისტების შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ მის განხორციელებაზე უარის განაცხადა.

2009 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა თურქულ-კორეულ კონსორციუმთან, რომელიც წარმოდგენილი იყო თურქული კომპანიით Nurol Energy Production and Marketing Inc და კორეული ფირმით – SK Engineering and Construction Co Ltd.

მემორანდუმის თანხმად, კონსორციუმს უნდა განეხორციელებინა 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, კასკადის მშენებლობა უნდა დაეწყო 2011 წლის მეორე ნახევარში და დაესრულებინა 6 წელიწადში.

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონსორციუმმა მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილება ვერ შეძლო და, შესაბამისად, მხარეებს შორის ხელშეკრულება აღარ გაფორმებულა.

აღნიშნული მემორანდუმის შემდეგად მომზადდა ნამახვანის ჰესების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის აღნიშნული დოკუმენტების განახლებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

2012 წლის 26 იანვარს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” დააფუძნა სს “ნამახვან ჰესების კასკადი”. სწორედ ეს ორგანიზაცია მუშაობს ამ დროისთვის ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებაზე.

“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” აქციათა 100% საკუთრების უფლებით ეკუთვნის სახელმწიფოს. 2011 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, კორპორაციის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 478 325 300 ლარს. ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნამახვანის ჰესების კასკადის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 850 მილიონი აშშ დოლარია.

ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ სს “ნამახვან ჰესების კასკადი” პირველი ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს. კომპანიას საკონსულტაციო მომსახურებს უწევს Studio Ing. G. Pietrangeli Srl, რათა მოხერხდეს ახალი ინვესტორის მოძიება ჰესების კასკადის პროექტის სრულყოფილად განსახორციელებლად.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი