ახალი ამბები

როგორ მივცე ხმა? – გზამკვლევი 8 ოქტომბრისთვის

7 ოქტომბერი, 2016 • 2673
როგორ მივცე ხმა? – გზამკვლევი 8 ოქტომბრისთვის

საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს, 8 ოქტომბერს, ამომრჩევლებს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე პერიოდში შეუძლიათ ხმის მიცემა თავიან საარჩევნო უბანზე. “ნეტგაზეთი” შეგახსენებთ იმ პროცედურებს, რაც ხმის მიცემისას უნდა გაიაროთ.

უბანზე შესვლისას, პირველ რიგში, მარკირების მარტივი პროცედურა უნდა გაიაროთ – რეგისტრატორი ცერა თითზე მოგასხურებთ სითხეს, რაც მომავალში დაადასტურებს, რომ თქვენ ერთხელ უკვე იმყოფებოდით საარჩევნო უბანზე.

მარკირების პროცესი. ფოტო: EPA

მარკირების პროცესი. ფოტო: EPA

[checklist]

  • მარკირების შემდეგ შესაბამის რეგისტრატორთან უნდა მიბრძანდეთ იმ ნომრის მიხედვით, რომელიც თქვენ მოგენიჭათ და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარუდგინოთ;
  • რეგისტრატორი მოგცემთ ორ ბიულეტენს (ერთზე პოლიტიკური პარტიები/ბლოკებია ჩამოთვლილი, მეორეზე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები);
  • საარჩევნო კომისიის ორი წევრი ხელს მოგიწერთ ბიულეტენებზე;
  • აიღებთ ან მოგცემენ კონვერტს, რომელშიც მოგვიანებით ბიულეტენებს მოათავსებთ;
  • შებრძანდით კენჭისყრის კაბინაში;
  • შემოზახეთ ბიულეტენებზე სასურველი პარტია/ბლოკი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • მოათავსეთ ბიულეტენები კონვერტში;
  • გამობრძანდით კენჭისყრის ოთახიდან და მოათავსეთ კონვერტი საარჩევნო ყუთში. [/checklist]
ამომრჩეველი ბიულეტენს აგდებს საარჩევნო ყუთში. 09.02.2016. ფოტო: EPA/JUSTIN LANE

ამომრჩეველი ბიულეტენს აგდებს საარჩევნო ყუთში. 09.02.2016. ფოტო: EPA/JUSTIN LANE

[red_box] გახსოვდეთ! [/red_box]

აუცილებლად თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი!

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება – ხმის მიცემისას კაბინაში თქვენ მარტო უნდა შეხვიდეთ. ხოლო ამომრჩეველს, რომელსაც არ შუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:

[checklist]

  • საარჩევნო კომისიის წევრისა
  • კანდიდატისა
  • საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა
  • დამკვირვებლისა
  • მედიის წარმომადგენლისა [/checklist]

თუკი შენობაში მყოფი უფლებამოსილი პირები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები მოგთხოვენ, უჩვენოთ, რომ ხელში მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გაქვთ, თქვენ ვალდებული ხართ, მათ დაემორჩილოთ.

ნუ ჩაიცვამთ ისეთ ტანისამოსს, რომელზეც საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა ან ნიშანია გამოსახული. საარჩევნო უბანზე წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია დაუშვებელია, ასეთი ტანისამოსით უბანზე მისვლის შემთხვევაში, შესაძლოა, აგიტაციას უნებურად შეუწყოთ ხელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი