სერგო ლაბარტყავა, თამაზ ჯამაგიძე, ელგუჯა ბერუაშვილი, ზურაბ ინასარიძე, რომლებიც კუდ-ის მიერ იყვნენ დაკავებულები, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის “ნეტგაზეთმა” აღმოაჩინა და შესაბამისი სტატიაც გამოაქვეყნა 21 ივნისს.
23 ივნისს კი საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული სამსახური, კანონით დადგენილი მანდატის ფარგლებში, ამოწმებს შემოწირულებათა კანონიერებას.
“მონიტორინგის პროცესში I ეტაპზე გამოვლინდა შემოწირულებათა გარკვეული კატეგორია, რომელთა დასაბუთებულობა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს”, – აცხადებენ კონტროლის პალატაში და იმ შემწირველებს სიას აქვეყნებენ, რომელთა შემოწირულობებიც დამატებით გამოკვლევებს საჭიროებენ.
აღნიშნულ სიაში ზემოთ აღნიშნული პირების გარდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ოთხი შემწირველი მოხვდა. საერთო ჯამში, მმართველი პარტიის შემთხვევაში კონტროლის პალატა 171 000 ლარის შემოწირულობის კანონიერების საკითხს შეისწავლის.
კონტროლის პალატის სიაში სხვა პარტიების შემწირველებიც არიან. მაგალითად, კონტროლის პალატა დამატებით გამოიკვლევს პარტია “თავისუფალი საქართველოსთვის” 6 ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულ გადარიცხვას, ჯამში, 176 969 ლარის ოდენობით.
ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ასევე, შეისწავლის “რესპუბლიკური პარტიის” სასარგებლოდ ორი შემწირველის მიერ ჯამში გაღებული 30 ათასი ლარის შემოწირულობის, ასევე, “ახალი მემარჯვენეებისთვის” 1 ფიზიკური პირის მიერ გადარიცხული 50 ათასი ლარის კანონიერების საკითხს.
კონტროლის პალატის მხრიდან შესწავლის საგანი გახდა “ეროვნული ფორუმისთვის” 8 ფიზიკური პირის მიერ ჯამში გაღებული 72 644 ლარის მოცულობის შემოწირულობა; ხოლო “კონსერვატიული პარტიის” შემთხვევაში ფინანსური მონიტორინგის სამსახური 5 ფიზიკური პირის შემოწირულობა ამოწმებს, ჯამში, 98 600 ლარის მოცულობით.
კონტროლის პალატამ საეჭვოდ მიიჩნია პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს სასარგებლოდ” მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილის მიერ გადარიცხული თანხაც. კონტროლის პალატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სიაში მითითებულია, რომ აზმაიფარაშვილმა პარტია “ქართულ ოცნებას” 40 ათასი ლარი გადაურიცხა, თუმცა მაკონტროლებელ უწყებას თავისსავე საიტზე 21 ივნისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში დაფიქსირებული აქვს, რომ აზმაიფარაშვილმა “ქართულ ოცნებას” 20 ათასი ლარი გადაურიცხა.

გადასამოწმებელი შემწირველების სიაში კონტროლის პალატამ, ასევე, შეიყვანა საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ერთი შემწირველი ზაალ გოგსაძე, რომელმაც 12 ათასი ლარი გაიღო.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს, რომ ისინი განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, აღნიშნულ სიაში შეყვანილ პირთა გამოკითხვის პროცედურას.