მისივე თქმით, სააკაშვილი და ხელისუფლება ისტერიკაშია და მათთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო იმ რაოდენობით მოსახლეობის შეკრება “ქართული ოცნების” მიტინგებზე, რაც გაიმართა თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, “სირცხვილია, რომ მე-9 არხს არც ერთი საკაბელო არ რთავს, “გლობალ ტვ”-ის გარდა და იმასაც უპირებენ დახურვას.”
“აპირებენ ტერორს, რომელიც არ გამოუვათ”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
“ქართული ოცნების” ლიდერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არ აპირებს მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას, რადგან აღნიშნული სანქცია, მისი თქმით, უკანონოა.
“ყველაფრის დაყადაღება შეუძლიათ, მაგათ ფაქტები არ ჭირდებათ, მაგრამ მე არც ”ქართუ ბანკში” და არც ერთ სხვა ქართულ ორგანიზაციაში წილი აღარა მაქვს. ბოლო წილი 2 მაისს გავასხვისე და, მე მგონი, ბანკში წილი უტას გადავეცი, ჩემს შვილს 2 მაისიდან”, – აცხადებს ივანიშვილი.
იგი ამბობს, რომ პირადად ფლობს უძრავ ქონებას საჩხერეში, ბაკურიანსა და ურეკში:
“მე მგონი, დააყადაღებენ, მაგრამ მაგათთვის მნიშვნელობა არცა აქვს, ჩემს გვარზე არის თუ არა, სადაც გამივლია, ალბათ, ყველაფერს დააყადაღებენ.”
ივანიშვილის თქმით, რადგანაც დაწესებული შეზღუდვებისა და ხელისუფლების ქმედებების გამო ის ვერ ახერხებს სახსრების გაღებას საარჩევნო კამპანიისთვის, მნიშვნელოვანია, შემოწირულობები “ქართული ოცნებისთვის” მოქალაქეებმა გაიღონ.