ახალი ამბები

პარტიებისთვის შეწირული 16 მილიონიდან 10 მილიონი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

6 ოქტომბერი, 2016 • 1427
პარტიებისთვის შეწირული 16 მილიონიდან 10 მილიონი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

საარჩევნო წლის 8 თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა, ჯამში, 16 მილიონ ლარზე ცოტა მეტი შემოწირულობა მიიღეს, აქედან 10 მილიონზე ოდნავ მეტი “ქართულ ოცნებას” შესწირეს. შემომწირველთა შორის არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. “საერთაშორისო- გამჭვირვალეობა საქართველოს” ავტორობით შექმნილი ანგარიშში ის ტენდენციებია ასახული, რაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისას ვლინდება.

ძირითადი მიგნებები

ანგარიში მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონაცემებს 2016 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე.

[checklist]

  • ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა, ჯამში, 16 150 885 ლარი მიიღეს. აქედან თითქმის 15 მილიონამდე ლარი 1 109 ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო 24-მა იურიდიულმა პირმა პარტიებს, ჯამში, 1 321 100 ლარი შესწირა.
  • შეწირული თანხის 64%, რაც 10 286 735 ლარია, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ ” მიიღო.
  • 24 იურიდიული პირიდან უმეტესება ასევე მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” შემომწირველია, კონკრეტულად კი, 15 იურიდიული პირი
  • “ქართული ოცნების” 15 შემომწირველი კომპანიიდან ორმა გამარტივებული წესით მიიღო სახელმწიფო კონტრაქტები
  • 1 109 ფიზიკური პირიდან 180 ადამიანი, უშუალოდ თვითონ ან მისი ოჯახის წევრი, სხვადასხვა სტატუსით 717 ბიზნესკომპანიასთან იყო დაკავშირებული. ამ 180 პირიდან კი 62 ადამიანი ისეთ კომპანიასთანაა დაკავშირებული, რომლებმაც 2016 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღეს. 62 ასეთი ადამიანისგან 34 “ქართული ოცნების” შემომწირველია.

[/checklist]

Create pie charts

კვლევის ხელმძღვანელი და თანაავტორი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ იურიდიული პირების შემთხვევაში მთავარი ინტერესს წარმოადგენს ის ფაქტი, მიიღეს თუ არა შემომწირველებმა გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები. ამიტომ მკვლევრებმა მმართველი პარტიის შემომწირველი იურიდიული პირები შეისწავლეს, რადგან ოპოზიციური პარტიები ამგვარ შესაძლებლობას მოკლებული არიან: “ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული 15 შემომწირველი იურიდიული პირი და შევამოწმეთ, ხომ არ იღებენ ისინი გამარტივებულ შესყივებს. მხოლოდ 2 მათგანი იყო, “კახური ტრადიციული მეღვინეობა” და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, რომლებმაც მიიღო გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვებში კონტრაქტები. საერთო ღირებულება არ იყო ძალიან დიდი, დაახლოებით -250 000 ლარი. ორივე პირმა კი ერთობლივად 240 000 ლარის შემოწირულობა გაიღო. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ეჭვი არ ჩნდება, დაახლოებით იგივე თანხა რაც შესწირეს, კონტრაქტებით აიღეს. ვერ ვიტყვით, რომ ამ კომპანიებმა გარიგებაში მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ ამ საკითხში ეჭვი არ შეგვაქვს”,- ამბობს ნატროშვილი.      

Create bar charts

მეორე მხრივ, ნატროშვილი ყურადღებას ამახვილებს ფიზიკურ პირებზე, რომლებიც, როგორც კვლევამ გამოავლინა, სხვადასხვა კომპანიებთან ან თავად არიან დაკავშირებული, ან ოჯახის წევრები:

“საბოლოო ჯამში, გამოვყავით 34 შემომწირველი, რომლებმაც შესწირეს “ქართულ ოცნებას”, და სამაგიეროდ ამ 34 ადამიანთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაახლოებით 4 მილიონის ღირებულების კონტრაქტები მიიღეს. განსაკუთრებული შემთხვევაა პარლამენტარი გოჩა ენუქიძე. მას ბიზნესინტერესები გააჩნია, ბევრი კომპანიის მფლობელია. მან 55 000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას” და სამაგიეროდ მისმა კომპანიებმა ჯამურად 2,6 მილიონი ლარის კონტრაქტები მიიღეს. ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ 5 ადამიანი. მათი კომპანიების ვებ-გვერდებზე ეს ადამიანები მითითებული არიან, როგორც თანამშრომლები, და ამ 5-მა ადამიანმა, ჯამში, 90 000 ლარი შესწირა პარტიას. აქ ჩნდება კითხვა, კანონის გვერდის ავლით ხომ არ მისცა ამ ადამიანებს გოჩა ენუქიძემ ეს თანხა”,- ამბობს ნატროშვილი.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია, რომელმაც აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური აღნიშნული პირებით დაინტერესდება. თორდიამ ასევე ისაუბრა ზოგად ტენდენციებზეც, რაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისას ვლინდება:

“მე ნამდვილად არ მჯერა, როგორც გენერალურ აუდიტორს, რომ საქართველოს პოლიტიკაში ფინანსების 90% არის ლეგალური. უბრალოდ, ამას სჭირდება დამტკიცება. არ არსებობს, რომ საფრანგეთზე, ჰოლანდიაზე და ასეთ განვითარებულ ქვეყნებზე მეტი შემოწირულობა ტრიალებდეს ჩვენს პოლიტიკაში, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ეკონომიკურ ტენდენციებს. კანონმდებლობა რის საშუალებასაც გვაძლევს, იმას ვახორციელებთ”,- განაცხადა თორდიამ

თანამდებობის პირები შემომწირველთა სიებში

ანგარიშის მიხედვით, 38-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა პოლიტიკურ პარტიას 5 000 ლარზე მეტი შესწირა. ანგარიშში გამოყოფილია საჯარო მოხელეების ის შემოწირულობები, რაც მათი დეკლარირებული ქონების დიდ ნაწილს წარმოადგენს.

Create your own infographics

“აქ რეალურად სამი ვარიანტია- ერთი ის, რომ მათ უბრალოდ დეკლარირებული არ აქვთ ის შემოსავლები, რაც რეალურად გააჩნიათ და ასახული აქვთ მხოლოდ ნაწილი. მეორე ვარიანტია, რომ ეს თანხები მათი არ არის, ვიღაცამ მისცა, უბრალოდ, მათი სახელით შესწირეს და სხვა წარმომავლობა აქვს ამ ფულს, ან რაღაც შეცდომა დაუშვეს დეკლარაციების შევსების დროს”- ამბობს ნატროშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, თანამდებობის პირებთან დაკავშირებით დაჯარიმების მოთხოვნით აუდიტის სამსახური   სასამართლოს დიდი ალბათობით არ მიმართავს, რადგან ეს აზრს მოკლებულია:

“საუბარია იმაზე, რომ შემოსავლის ნახევარი აქვთ შეწირული, მათ ჰქონდათ შემოსავალი და შესწირეს პარტიას. აქ კითხვის ნიშანი შეიძლება გაჩნდეს, ნახევარს ვინ წირავს პარტიას თავისი წლიური შემოსავლის, როცა სასამართლოში მივდივართ, [ჩანს] რომ შემოწირულობის შესაძლებლობა იყო. ამიტომ შეიძლება სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილოს საჩივარი. თუ პრაქტიკიდან ვიმსჯელებთ, ჩვენ მივდივართ იმ შემთხვევაში, თუ ვხედავთ, რომ ადამიანს არანაირი შემოსავალი არ აქვს და პარტიას თანხა შესწირა. ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სასამართლო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით, მაგრამ როცა ადამიანს აქვს შემოსავალი, იმის ნახევარს, 20% წირავს, არა მგონია, სასამართლომ დაგვიკმაყოფილოს. იყო შემოსავლის შესაბამისი რაოდენობა და ამ ადამიანმა მიიღო ეს გადაწყვეტილება”

მასალების გადაბეჭდვის წესი