ახალი ამბები

ოსურმა მხარემ ერთი ქართველი გაათავისუფლა

21 ივნისი, 2012 • 1184
ოსურმა მხარემ ერთი ქართველი გაათავისუფლა

რუსმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს 55 წლის ზაზა თავაძე ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს, მოგვიანებით გაირკვა, რომ თავაძე ბოლო 2 წლის განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უკვე მესამედ გადავიდა. ოსურმა მხარემ მისი გათავისუფლება კეთილი ნების საფუძველზე განახორციელა.

 

დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ საუბარი შეხვედრაზეც გაგრძელდა. ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი ორივე მხარის ყველა დაკავებულის გაცვლეზე, პრინციპით – ყველა ყველაზე. ოსური დელეგაციის წარმომადგენლის რობერტ გაზაევის ინფორმაციით, ქართულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ქართული ციხეებიდან დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეების გათავისუფლება, მომდევნო შეხვედრაზე კი მხარეები ერთმანეთს გასათავისუფლებელთა სიებს გადასცემენ. გარდა ამისა, ოსური მხარე უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიებასაც ითხოვს.

 

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა შეხვედრა დროზე ადრე დატოვა, მოგვიანებით სატელეფონო საუბარში მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა მომდევნო შეხვედრაზე საბოლოოდ შედგეს შეთანხმება დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენ პატიმარს გაათავისუფლებენ. ქართული მხარე დიდი ხანია ცხინვალიდან საქართველოს 4 მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს.

 

დღეს  სოფელ დვანში სარწყავი წყლის მიწოდება შეწყდა, დვანი წყალს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან იღებს და დღეს დილით სარწყავი არხის გადაკეტვა მოხდა. ოსური მხარე ირწმუნება, რომ საკითხში გაერკვევა და პრობლემას მოაგვარებს, გარდა ამისა, წინა შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმება დანაღმული ტერიტორიების განნაღმვის შესახებ უკვე მუშაობს. ოსური მხარის ინფორმაციით, მათ ომის ნარჩენებისგან უკვე გაწმინდეს მიწის ფართობები. უტიაშვილის თქმით კი, ქართველი გამნაღმველები, რომლებსაც ოსური მხრიდან ხელს არავინ შეუშლის, საქმიანობას უკვე შეუდგნენ.

 

დღესვე შეხვედრაზე ოსურმა დელეგაციამ ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ხოხ გაგლოითი რამდენიმე წლის წინ თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ქართულ–ოსური მოლაპარაკების პროცესში მას გამოცდილება არა აქვს. შეხვედრის ბოლოს გაგლოითიმ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა იქნება და მუდმივად მოითხოვს უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიებას.   

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანჟეი ტიშკევიჩმა ჟურნალისტებთან კომენტარზე დღეს მოულოდნელად უარი განაცხადა. ერგნეთის მომდევნო შეხვედრა ივლისის ბოლოს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი