ახალი ამბები

ცესკო: “ოცნების” კანდიდატთან ერთად პედაგოგებთან შეხვედრით ჯეჯელავას კანონი არ დაურღვევია

6 ოქტომბერი, 2016 •
ცესკო: “ოცნების” კანდიდატთან ერთად პედაგოგებთან შეხვედრით ჯეჯელავას კანონი არ დაურღვევია

ცემტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფია პატრიოტთა ალიანსისა და თავისუფალი დემოკრატების საჩივარი, რომელიც განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელევას ეხებოდა.

24 სექტემბერს გლდანში სკოლის დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა ჯეჯელავამ პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობერიძესთან ერთად ჩაატარა, რითაც, ზემოხსენებული პარტიების აზრით, მინისტრმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის  პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნტის მიხედვით: “წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს: ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას”.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია უწყების მიმოწერა ქართულ ოცნებასთან და განათლების სამინისტროსთან.  განათლების სამინისტროსთან წარმოებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ “24 სექტემბრის შეხვედრა განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული არ იყო”. ამასთან, განათლების სამინისტრო ცესკოს სწერს სკოლის 4 დირექტორის განმარტებების შესახებ, რომლებიც ამბობენ, რომ 24 სექტემბრის შეხვედრის შესახებ რიგ შემთხვევაში ინფორმაცია “ოცნების” აქტივისტებისაგან მიიღეს, ხოლო რიგ შემთხვევაში- “ოცნების” მიერ ქუჩაში განხორციელებული სარეკლამო აქტივობებიდან. იმავეს აცხადებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ შეხვედრა “ქართული ოცნების” მიერ იყო ორგანიზებული და განათლების მინისტრი მხოლოდ ესწრებოდა, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, რისი უფლებაც მას კანონით აქვს.

ცესკომ ზემოხსენებული მიმოწერა (ქართული ოცნებისა და სამინისტროს განმარტებები) საკმარისად ჩათვალა იმისათვის, რომ თავისუფალი დემოკრატებისა და პატრიოტთა ალიანსის საჩივარი არ დაეკმაყოფილებინა. უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა არა განათლების სამინისტრომ, არამედ “ქართულმა ოცნებამ” გაუკეთა ორგანიზება (რომელსაც მინისტრიც დაესწრო), ეს არ ქმნის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მოცემულობას.

image9 image10 image11

განათლების მინისტრი “ქართული ოცნების” კანდიდატთან ერთად ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებსაც შეხვდა 4 ოქტომბერს.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რასაც განათლების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს.

დაირღვა თუ არა საარჩევნო კოდექსი? – ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ცესკო იღებს, სადაც ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ჯერ ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ და საჭიროების შემთხვევაში შეისწავლიან, განათლების სამინისტროს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ეს შეხვედრა მათ მიერ ორგანიზებული არ ყოფილა და ინფორმაციას არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი